,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილი განცხადებას, რომელშიც ,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ხუხაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს, პოლიტიკის ექსპერტი პასუხობს.
,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება? _ ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ პარტიის ლიდერი მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამოა გაღიზიანებული.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო მისი გაჩუმება და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოახერხებს.
_ მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი პოზიცია, როცა დავაფიქსირე, რომ მას აღარ ვთვლი ლიდერად. დღეს ვთვლი ადამიანად, რომლის ერთადერთი საზრუნავი არის მანკიერი სისტემის შენარჩუნება და ეს აღმოჩნდა მისთვის მტკივნეული, ამიტომ ჩათვალა, რომ წითელი ხაზი გადავკვეთე, ეს იყო მისი ვენდეტა.
მე არ ვარ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის მქონე ადამიანი. ტრაგიკომიკული ის გახლავთ, რომ ჩემს უნიჭობას ის მიხვდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მანამდე ძალიან ნიჭიერი და მისი მეგობარიც ვიყავი.
თუ მისი ამოცანა იყო ჩემთვის გული ეტკინა, ეს მოახერხა და ვულოცავ. თუ მისი ამოცანა იყო ჩემი გაჩუმება, ამას ვერასოდეს მიაღწევს. თავის დროზე ,,ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა და ვერ მოახერხა, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოახერხებს“, _ აღნიშნა ხუხაშვილმა.
პარტია ,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მწვავედ გააკრიტიკა და წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.