საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აფასებს.
-ბატონო დავით, ამ დრომდე „ქართული ოცნების“ აგიტატორების მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის საკამოდ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. ოპოზიციის მსგავსად, თქვენც მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება?
-კი, ნამდვილად, ძალიან ბევრი სიმპტომია. ჯანმრთელ მოქმედებებს ვერ ვატყობ. ძალიან ბევრი ხმა დადის, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ხალხი ფინანსურად დააინტერესონ. ეს არის სქემა, მასობრივი მოქმედების გეგმა.
ვუყურებ, რომ „ქართული ოცნება“ დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც წინა ხელისუფლება აშანტაჟებდა ამომრჩეველს და ცდილობდა სამსახურით დაშინებას, ისე აშანტაჟებს დღეს ,,ქართული ოცნება“.
თვითონ ხომ კარგად იციან, რომ მხარდაჭერა აღარ აქვთ. ხალხი არჩევნებზე შემართებით აღარ მოდის. მათში აღარ არის იმედის ნაპერწკალი, საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა.
– ოპოზიციის კანდიდატს უწინასწარმეტყველებთ გამარჯვებას?
-ოპოზიციასაც არ ჰყავს ღირსეული კანდიდატი. თავად ოპოზიცია გვყავს არაღირსეული და ,,ქართულმა ოცნებემ“ ის მოახერხა, რომ საზოგადოება ორ სიბნელეს შორის აკეთებს არჩევანს.
ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ნათელი ძალა, რომელიც ამ არჩევნების შემდეგ, ორივეს გასცემს საკადრის პასუხს, ამაში დარწმუნებული ვარ.
-მიგაჩნიათ, რომ მეორე ტური გარდაუვალია?
-რასაც ვუყურებ, მეორე ტურია გარდაუვალია. ჩემი რაიონის რამდენიმე უბანზე მთელი დღე ვაკვირდები არჩევნებს.
მხიარულ სახეებს ვერ ვატყობ, ფურცლებით ხელში სხედან და მაინცდამაინც, ბედნიერები არ არიან. დღეს ის ყოფა არ არის, რაც მათ სჭირდებათ.
წელს ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ 6 წლის ვადით ირჩევს.