73 წლის წინ, 1945 წლის 13-18 მაისს, ტექსელის აჯანყებაში ჩოხატაურელები _ ერკეთელი ლადო კობიძე და ბუქსიეთელი გივი ანთიძე მონაწილეობდნენ.
1968 წლის ოქტომბრის ერთ მზიან დღეს, უჩვეულო ხალხმრავლობა იყო სოფელ ერკეთის კლუბში, რომლის საკმაოდ დიდი შენობა, ახალი ფილმის ნახვის მსურველთა მეოთხედსაც ვერ იტევდა. ეს ფილმი “ჯვარცმული კუნძული” იყო.
დარბაზში, წინა ორ რიგში, ჯერ კიდევ ჭარმაგი მამაკაცები ისხდნენ, _ მკერდზე მედლებით, კუშტი გამოხედვით, მკაცრად შეზღუდული მოძრაობით. გადიოდა მძიმე კადრები, დარბაზშიც მძიმე სიჩუმე იწვა. უცებ, მეორე რიგის ბოლო სკამიდან წამოიჭრა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, მივარდა ეკრანს და ყვირილი დაიწყო:
_ მიდით, ბიჭებო! მიდი, ვახტანგა! მიდი, შალიკო! მიდი, გივია! აგერ ვარ, გივიაააა… _ ხმას აუწია, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. გარეთ გამოიყვანეს. ფილმი გრძელდებოდა, ბევრმა არ იცოდა, რა ხდებოდა, არც მე ვიცოდი…
ხმამაღლა ტიროდა კაცი, მაგრამ ცრემლი არ ჩანდა! ეს კაცი, ტექსელის აჯანყების მონაწილე, ლადო თომას ძე კობიძე იყო!
მე მაშინ სკოლაში ახალმისული ვიყავი, სოფელს ნაკლებად ვიცნობდი. მერე კი დავახლოვდით, მაგრამ ლადო კობიძე ძნელად მისაახლოებელი კაცი გამოდგა. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი _ არც საკუთარ თავზე და, მით უფრო, ომზე. ცოტა რამ მაინც ვათქმევინე: “1939 წლის სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. ვიყავი ფინეთის ომის მონაწილე. ხარკოვში უმცროს მეთაურთა სკოლა დავამთავრე, სერჟანტის წოდებით. 1940 წელს ლატვიაში გადაგვიყვანეს. მერე _ ლიტვაში, შემდეგ _ ესტონეთში. 1942 წლის 22 ივნისს თითქმის ამოწყდა ჩვენი ნაწილი… მძიმედ დაჭრილი, 8 თვე ყაზანში ვიყავი. გადავრჩი. სახლში გამომიშვეს შვებულებით. ჩემთან მოდიოდნენ ფრონტიდან გამოქცეული, გაყაჩაღებული ადამიანები. არ წახვიდე, გერმანელები გაიმარჯვებენ და ბედნიერად ვიცხოვრებთო, _ მეუბნებოდნენ. არ ვისურვე ეს და ომში დავბრუნდი. ქერჩში აღმოვჩნდი. მოვექეცით რკალში და ტყვედ ჩავვარდით…”
ჩერდება, აღარ უნდა ლაპარაკი! მერე თავადვე აგრძელებს.
_ გვცემდნენ, გვაშიმშილებდნენ, ჟლეტდნენ ებრაელებს. მშიერი ხალხი კაცის ხორცს ჭამდა!!! ერთ ღამეს სადღაც წაგვიყვანეს. დილას, კუნძულ ტექსელზე აღმოვჩნდით 822 ქართველი.
1945 წლის 5 აპრილს დაიწყო აჯანყება. იმ ღამეს 400 გერმანელი მოვსპეთ. დაიღუპა ვახტანგ ბალანჩივაძე, გიორგი ნინიკაშვილი, შალვა ლოლაძე, ვასო გუჯაბიძე და… (დუმილი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა…)
მოგვიანებით გავბედე _ კიდევ ვინ?
_ კიდო, გივიე ანთიძე, აგერ ბუქსიეთიდან… _ თავი ჩაკიდა. დაკოჟრილი ხელის თითები ერთმანეთში გადაკვანძა. ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო.
ალბათ, იმ გივიას ხედავდა ეკრანზე! აღარ ღირდა საუბრის გაგრძელება…
ამ საუბრიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა! ლადო კობიძე ცოცხალი აღარაა. მას, თავისი არსებობით, უთქმელი არაფერი დაუტოვებია, მაგრამ იმ ბუქსიეთელ გივიაზე გაწყვეტილი სიტყვა მაინც მაწუხებდა.
იმ თაობის ჩოხატაურს რა დაავიწყებს ჩვენი რაიონის ორ გამორჩეულ შვილს _ ლადო კობიძეს და გივი ანთიძეს, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდის, ტექსელის აჯანყების მონაწილეებს…
…და მეც ვამჯობინე შეწყვეტილი საუბარი გუბაზეულის ხეობის შვილებს გავაგრძელებინო.
ლამარა მამალაძე, პედაგოგი: “ფაშიზმზე გამარჯვებიდან, მალე მერვე ათეული შესრულდება. ამ ხნის მანძილზე, ბევრი ვინმე დასდგომია ბუქსიეთის გზას და შეუღია იმ ეზოს ჭიშკარი, რომლიდანაც ოჯახმა და სოფელმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გააცილა 18 წლის გივი ანთიძე. რას იფიქრებდნენ მაშინ, თუ ეს გივის ეზოდან ბოლო გადასვლა იყო და იგი აქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა!”
ქალბატონი ლამარა გივი ანთიძის ძმისშვილის, მალხაზ ანთიძის მონათხრობს გვიყვება:
“ამ ეზოში 6 და-ძმა გაიზარდა. უფროსი გივი იყო, 1922 წელს დაბადებული. ხევის საშუალო სკოლა დაამთავრა. ომმა სამხედრო სამსახურში მიუსწრო, მაშინვე ხაზზე მოხვდა და ტყვედ ჩავარდა. მძიმე გზა გაიარა იმ საშინელებათა თანხლებით, რაც წილად ერგოთ კუნძულ ტექსელზე გადარეკილებს.
ბიძაჩემი ტექსელი აჯანყების აქტიური მონაწილე იყო. ეს აჯანყება ექვსი დღე-ღამე მიმდინარეობდა და 1945 წლის 18 მაისს დასრულდა. ამ გაუგონრად უთანასწორო ბრძოლაში 530 ქართველი დაეცა, რომელთა შორის იყო ბიძაჩემი, გივი ზაქროს ძე ანთიძე. ცნობა დაღუპვის შესახებ არ მიგვიღია, მაგრამ გადარჩენილთაგან გავიგეთ, რომ ის დაკრძალეს ჰოლანდიაში, დენბურგის ძმათა სასაფლაოზე”.
ლამარა მამალაძე: “ბუქსიეთში გივი ანთიძის სახლის კარები არ დაკეტილა. მისი ძმის, იმბურგის შვილები, კერას არ აციებენ. სახლში ინახება გივის გადიდებული ფოტო და შთამომავლობა კრძალვით უყურებს მის მართლაც უღმერთოდ ლამაზ სახეს. გიას შვილმა, გიორგიმ, დაუზარებლად გამიწია დახმარება ფოტომასალების მოწოდებაში. მალხაზის შვილები, მარიამი და ლევანი ნიჭიერი, წინაპართა სახელის პატივისმცემლები, ახალგაზრდები არიან”.
მაგიდაზე გაშლილი ფოტოსურათებიდან ორი შევარჩიეთ. ერთი, ლადო კობიძეს ეკუთვნის _ ჯერ ბრძოლით, შემდგომ პატიოსანი შრომით დაღლილ ვაჟკაცს. იგი დაბრუნდა და მშობლიური ქვემო ერკეთის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას აქვს უფლება, იძინოს მშვიდად, რადგან თავის ოთხ შვილს _ ნარგიზას, იურის, ლილის და ქეთინოს შეუძლიათ, ამაყად თავაწეულებმა იარონ. აქვე მადლობას ვუხდით სოსო კობიძეს, თავისი გვარის წარსულის ერთგულ მაძებარს და პატივისმცემელს, მასალების შეგროვებისა და მოწოდებისათვის.
… და ამ ყველაფერს თქვენთვის ვწერთ ახალგაზრდებო! თქვენ უნდა იცნობდეთ მათ!
რუსუდან ბერიშვილი