ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი და მიმდებარე ტეროტირია ლამისაა ჩოხატაურის ცენტრალურ თავლად იქცეს. ცხენების, თხების, ზოგჯერ ძროხების “სასეირნოდ” გაშვება სტადიონზე უკვე ტრადიციად იქცა.
ცხოველებს, როგორც საფეხბურთო მოედანი, ასევე რაგბის მოედანი და მისი მიმდებარე ტეროტორია აქვთ ათვისებული. როგორც სპორტცმენები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, იქ ვარჯიში შეუძლებელია:
_ რაგბის სტადიონი ცხენების ჯირითით ისეა გაფუჭებული, რომ იქ ვარჯიში წარმოუდგენელია. რაც შეეხება ფეხბურთის სტადიონს, მინდორი ღობემ გადაარჩინა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენი ნაკელი და ნაგავია, რომ აქ ვარჯიში და თამაში შეუძლებელია. ყველგან ცხენის შარდია. ვინმე რომ ვარჯიშის დროს წაიქცეს და ცხენის მონაშარდ ადგილზე დაეცეს ტეტანუსის დაავადება გარანტირებული აქვს. თუ არ უნდათ რომ ჩოხატაურში სპორტი არსებობდეს მაშინ გვითხრან და სულ არ შემოვალთ სტადიონზე, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სპორტსმენებმა.
ა(ა)იპ ჩოხატაურის სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ჯინჭარაძე, რომლის დაქვემდებარებაშიც სტადიონი შედის და რომელსაც მის მოვლა პატრონობაში ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ეძლევა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა მეტი არ განმეორდება:
“იმიდან გამოვუშვით ცხენები და ამ საღამოს მერე არ იქნება არასდროს” _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
_ ბატონო ზურაბ “იმიდან” რას ნიშნავს?
_ “იმათ რა, სავარჯიშოდ გამოვუშვით ცხენები და”.
_ ცხენები სტადიონზე ვარჯიშობენ?
_ “სტადიონის ირგვლივ რომ წრეა იქ”.
_ რაგბის სტადიონზე რომ ამ წუთებში ცხენები არიან არ იცი? არც ის იცით, რომ სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნაგვით და ნაკელითაა სავსე?
_ “არანაირიად, როგორც გეკადრებათ. ასე არ არის.”
_ ეს რომ ასეა ჩვენმა ობიექტივმა უკვე დააფიქისრა. ბატონო ზურაბ, ცხენებთან ერთად თხებიც ვარჯიშობენ?
_ “არა, რა უნდათ თხებს იქ?!”
_ ჩვენც ეგ გვაინტერესებს…
_ არ ვიცი, ვნახავ რა ხდება და მოგვიანებით შეგეხმიანებით, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “გურია ნიუსის” ნაგვით სავსე სტადიონი დააფიქსირა. მაშინ ზურაბ ჯინჭარაძე ამბობდა: “ეს ერთი მაპატიეთ და მეტს არ ვიზამ!”.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ თემაზე კომენტარის გაკეთებისთვის წერილობითი მიმოწერა მოითხოვა. ჩვენ გამგებელს კითხვები უკვე გავუგზავნეთ და მის პასუხსაც მოგვიანებით, მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც კუჭავა საწერად მოიცლის.