ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ კოლეჯ „ჰორიზონტის“ დაკვეთით, შპს „ელ ჯორჯია“ მათ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ახორციელებს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 955 635 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის განხილვის მიზნით დღეს შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან.
როგორც ზაალ მამალაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მშენებლობა ამ დღეებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება.
„ტენდერი ჩატარებულია, გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა და მშენებლობა დაიწყება ამ დღეებში. დოკუმენტები არის წესრიგში. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა, ეს ალბათ დაჩქარებული წესით გაკეთდება, 4 დღეში. მშენებლობა უნდა დამთავრდეს 2020 წლის სექტემბრისთვის. 6 თვენახევარი აქვს ვადა მიცემული სამშენებლო კომპანიას თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ეს გაუთვალისწინებელიც შეიძლება იყოს დამატებით ერთი თვე“, _ ამბობს მამალაძე.
ზაალ მამალაძის თქმითვე, პირველ კორპუსში სოფლის მეურნეობის სეგმენტი განთავსება, მეორე ძირითადი კორპუსის აშენების შესახებ ტენდერი მალე გამოცხადდება.
„სოფლის მეურნეობის სეგმენტი იქნება განთავსებული პირველ კორპუსში, მეორე ძირითადი კორპუსი კი პროექტირების ფაზაშია, რომელიც განთავსებდა ჩოხატაურში გურამიშვილის ქუჩაზე. ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიდის და ტენდერი აქაც ალბათ მალე გამოცხადდება“,_ ამბობს ზაალ მამალაძე.