მას შემდეგ, რაც ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ოფისის დაბოქლომების მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, ოპოზიციის წევრებმა ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე მიიპატიჟეს პროტესტის მიზეზისა და მიზნების გასაცნობად.
პრესკონფერენცია „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა და მას ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც დეპუტატის ბიუროს „დაბოქლომების“ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.
პროტესტის მიზეზზე საუბარის დაწყება „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ბესო დოლიძემ ითავა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ტყუილსა და ერთპიროვნულ მმართველობაში დაადანაშაულა:
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩვევია, ამჯერადაც მოგვატყუა. ყველას გვახსოვს ერთი წლის წინ ცრემლიანი თვალებით როგორ გვევედრებოდა, ხმა მომეცითო და ამ ერთ წელიწადში მოგვიწყო „გავრილოვის ღამე“ და 18 ნოემბერი.
შექმნილ ვითარებაში არც ნინო წილოსანია დამნაშავე ან სხვა რომელიმე მაჟორიტარი, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს. ფაქტია, რომ ვერც ნინო წილოსანი და ვერც სხვა რომელიმე დეპუტატი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
ის, რაც მოხდა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სამართლიანად მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა შეასრულოს დანაპირები. საქართველოში რუსეთუმეობა არავისთვის უპატიებიათ და არც ახლა ვაპატიებთ. იყო ცხრა აპრილი და იმის შემდეგ საქართველოს ბედი წყდება რუსთაველზე. ასე იქნება ახლაც, ჩვენ დავასრულებთ ერთპიროვნულ და ტოტალურ მმართველობას.
დღეს ჩვენ სიმბოლურად მივიტანეთ ბოქლომი და სტიკერები მაჟორიტარის ოფისთან და ექვს კაცს 60 პოლიციელი დაგვახვედრეს. ერთადერთი ირაკლი მარშანიშვილი, როგორც საკრებულოს წევრი, შეუშვეს შენობაში.
მე მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, ხმა ამოვიღოთ ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ.
„მკიდია“ რეჟიმში მუშაობს ეს მთავრობა, რომ თითქოს ჩვენ არ ვართ ადამიანები, არ ვართ ამომრჩევლები და არ გვაქვს უფლებები. მხოლოდ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მსახურებია მათთვის ღირებული. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლება ახლა ახორციელებს ოპოზიციის წინააღმდეგ, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაჭერები და დარბევები“, _ თქვა ბესო დოლიძემ.
პრესკონფერენციაზე „ევროპელების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი მარშანიშვილმა ნინო წილოსანი მიერ სოციალურ ქსელში 24 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი გაიხსენა:
„ნინო წილოსანმა 24 ივნისს დაწერა ფეისბუქზე, რომ მესალმებოდა საქართველოში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, რამდენიმე თვის შემდეგ კი საპირისპიროს დაუჭირა მხარი. ალბათ, იმიტომ რომ მისი მეუღლისა და მამის საქმე დღემდე პროკურატურაშია და სახელმწიფო 65 მილიონს ედავება. ის ჩვეულებრივი ბიძინას მარიონეტია“.
მარშანიშვილის თანაპარტიელმა რამაზ გვარჯალაძემ კი დაანონსა, რომ თუ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, მაშინ ეს ხელისუფლება მოღვაწეობას ცუდად დაამთავრებს:
„დღეს ჩვენ გვინდოდა მარტივი პროტესტის გამოხატვა, თუმცა, მერიის შენობაში შესვლის უფლება არ მოგვცეს. განმარტებას ვერავინ გვაძლევდა, რისთვის გვეზღუდებოდა შენობაში შესვლის უფლება. იქ იდგნენ პოლიციელები, რომელთა სახეზე აშკარად იკითხებოდა, რომ მათ საკუთარი ნებისა და სურვილის წინააღმდეგ უწევდათ მოქმედება.
ეს პროცესები, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს აუცილებლად გადამდებია და ეს ყველაფერი არ დასრულდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ შეასრულებს. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაასრულებს“, _ დასძინა გვარჯალაძემ.
აღმოჩნდა, რომ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული სულისკვეთება სრულიად მისაღებია ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლისთვისაც. გია გურგენაძის თქმით, ის უერთდება აქციას ერთი ყველას წინააღმდეგ: „ჩემს პოლიტიკურ პარტიას არც რუსეთის და არც ამერიკის მონობა არ სურს. ჩვენ გვინდა სამართლიანი საარჩევნო გარემო, რომ ადამიანებს ქონდეთ საკუთარი ნების სწორად გამოხატვის უფლება და ჩვენ ვუერთდებით აქციას ყველა ერთის წინააღმდეგ“.