ცისია – 17 წლის, მარიამი – 14 წლის, ანა – 10 წლის, ერეკლე – 7 წლის, სალომე და ბარბარე წლინახევრის ტყუპები. შუადღემდე პატარებს ბებიები უვლიან, შუადღის მერე კი სკოლიდან დაბრუნებული უფროსი შვილების „ცვლა” იწყება. დედა შესვენებაზე ხანდახან შემოირბენს სახლში ტყუპებთან და მერე ისევ სამსახურში გარბის. ხშირად შესაძლოა, გვიანობამდე მოუწიოს სამსახურში ყოფნა.
– სამუშაო საათების შემდეგ მოქალაქეები თუ იქნებიან, ხომ არ მივატოვებთ, რა თქმა უნდა, ვრჩებით და ვემსახურებით, – ამბობს მაგული ბუზიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის ფილიალის უფროსი ოპერატორი.
მუშაობა 1997 წელს, ჯერ კიდევ მიწის მართვის სამმართველოში დაიწყო, 2004 წლიდან კი საჯარო რეესტრის გუნდის წევრი გახდა.
– მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ჩვენი თანამშრომლები, ხელმძღვანელობა მართლაც ერთი დიდი ოჯახი ვართ და მუდმივად ვგრძნობ მათ ყურადღებას და თბილ დამოკიდებულებას. ოჯახის შემდეგ ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი სამსახური დგას და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მოქალაქეების ნაკადი მართლაც დიდია. მათთან ურთიერთობაში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ, სიამოვნებდეთ ჩვენთან მოსვლა. ამიტომ სამსახურში დაღლა არ უნდა შემეტყოს, მიუხედავად საშინაო საქმეებისა და ბავშვების მოვლისა.
მუშაობის დაწყებიდან სხვადასხვა ეტაპი და საფეხური გაიარა, სამი წელი გორშიც უწევდა სამსახურში სიარული, მაგრამ მისთვის არც ეს გამხდარა დაბრკოლება და სამსახურისა და ოჯახის საქმეებს მაშინაც ართმევდა თავს.
– გვაქვს პატარა ბაღიც, მცირე მეურნეობა, მოგვყავს მოსავალი, რომ ოჯახს მცირე დამატებითი შემოსავალი მაინც ჰქონდეს. მხოლოდ წელს დავამუშავეთ ტრაქტორით, აქამდე კი ხელით ვმუშაობდით. დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში წასვლამდე ვთესავდი და ვუვლიდი ბაღს”, – მორიდებულად საუბრობს, თავის შექებას ერიდება და ამ ყველაფერში თითქოს, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
სალომე და ბარბარე ერთმანეთს ეცილებიან, ორივეს დედას კალთაში უნდა. ცოტა ხანში უფროსი ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ბარბარე უფროს დასთან, ცისიასთან ინაცვლებს – უახლოესი მეგობრები არიან. სალომე გვათვალიერებს და თან დედას არ სცილდება.
– ბავშვების აღზრდაში ჩემმა მეუღლემ უდიდესი როლი შეასრულა – გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა და პატარების მოვლა მას უწევდა. ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მეუღლის მამას, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა.
დილა იწყება შეძახილებით „ჩქარა, არ დაგაგვიანდეთ”. დედა ცდილობს, ყურადღება თანაბრად გაანაწილოს ბავშვებზე.
– გოგოები მუსიკაზე დადიან, ერეკლე ანსამბლში ცეკვავს. მარიამს ექიმობა უნდა, ცისიას იურისტობა, ერეკლეს სტიქაროსნობა. კარგად სწავლობენ, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ზრდილობიანი ბავშვები არიან. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა სკოლაში, მშობელთა კრებებზე მისვლა.
მარიამმა და ანა დედას თხოვნით ფორტაპიანოზე მცირე ზომის ნაწარმოებები შეასრულეს, ერეკლემ რაჭული სიმღერა გვიმღერა.
მეუღლე – კობა კორკოტაძე სამსახურიდან ბრუნდება და პატარა სალომე ხელებში აფრინდება.
– ორი პატარა ერთად მართლა რთული მოსავლელი ყოფილა – ღამით მორიგეობით ვაძინებდით და ვუვლიდით, მაგრამ ეს ამავე დროს უდიდესი ბედნიერებაა, – ამბობს მაგულის მეუღლე.
თავად ისიც მრავალშვილიანი ოჯახის შვილია – ექვსი და-ძმიდან კობა უმცროსია. მის ერთ ძმას ასევე 6 შვილი, მეორეს – 4, ერთ-ერთ დას კი 5 შვილი ჰყავს.
– ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, მართლაც ძალიან ბევრი ვართ და არის დიდი ჟრიამული. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და მათ შორის ტყუპები.
შესვენების შემდეგ მაგული ისევ სამსახურში ბრუნდება, პატარები დედას გამოეტირნენ, მაგრამ უფროსებმა დაამშვიდეს და აივანზე გამოშლილები სახლში შეაბრუნეს. საღამომდე კვლავ მოქალაქეების მომსახურებას გააგრძელებს. საღამოს კი ისევ დიდი ოჯახი და დიდი მხიარულება ელის. (R)