დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებასთან დაკავშირებით “ტყუილს” და “ცილისწამებას” უწოდებს
თბილისის მერი დავით ნარმანია ერთ-ერთი მედიასაშუალების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დასაქმდნენ, ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანიამ განაცხადა, მას არ მიეცა აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს გამიზნულად ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახაალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო რესურსს, რომლთა შტატებიც 1-ლიივლისიდან ამოქმედებული “საჯაროსამსახურისშესახებ” ახალიკანონის თანახმად გაუქმდა და მათ საკუთარი საქმიანობა თბილისის მერიასთან განაგრძეს არა შტატით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მათ შორის არიან: მოვალეობის შემსრულებლები, დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი ფუნქციების განმახორციელებელი კადრები და სხვ. კანონმა ჩვენ პირდაპირ მიგვითითა, რომ გაგვეუქმებინა ასეთი შტატები და მათ თბილისის მერიაში საქმიანობა გაეგრძელებინათ შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შესრულდა დადგენილი წესით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო სამი წელია თბილისის მერიაში არათუ იზრდება სახელფასო/საპრემიო ფონდი და თანამშრომლების ოდენობა, არამედ ყოველწიურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია თითოეული დაინტერესებული პირისათვის.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის დიდი ტყუილი, არაკეთილმოსურნეების მიერ შეთხზული და გამოგონილი კიდევ ერთი ამბავი და მხოლოდ და მხოლოდ მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.