ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში, კერძოდ, პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში 9 მედლის მოპოვება შეძლეს.
ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ.
წარმატებით იასპარეზა ასევე რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 – თებერვლიდან – 10 მარტის ჩათვლით იმართება.
ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.