გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისთვის ლანჩხუთის საკრებულოს დადგენილების დამტკიცება მოუწია, რასაც საპირისპირო სქესის დეპუტატებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.
საკრებულოს წევრმა მამაკაცებმა კითხვაც დასვეს _ ქალის უფლებები თუ უნდა დავიცვათ, კაცებმა რაღა დააშავესო?
„მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა 10-დან ცხრა მამაკაცია დასაქმებული, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება, ქალბატონი კი მხოლოდ ერთია, რა უნდა ვქნათ, ამ გენდერული თანასწორობის გამო, ხუთი მამაკაცი გავათავისუფლოთ და მათ ნაცვლად ქალბატონები დავამატოთ?!“ _ საკითხზე მსჯელობისას აქტიურობდა დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი, რომელსაც კითხვითვე მიმართა სოციალური კომისიის თავმჯდომარემ, ია ჩხაიძემ.
_ საპირისპირო შემთხვევაში, ცხრა ქალი და ერთი მამაკაცი რომ იყოს ასეთი, მაშინ იგივე კითხვა თუ გაგიჩნდებოდათ? _ იკითხა ჩხაიძემ.
საკითხზე კამათის შემდეგ დეპუტატები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ, ზოგადად, ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ბავშვებისა და ხანდაზმულების და დაყოფა _ ქალი და მამაკაცი არასწორია, რის შემდეგაც გენდერული თანასწორობის შესახებ საკრებულომ დადგენილება ერთსულოვნად დაამტკიცა.