დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელ ნორმების ნაწილში.
სასამართლომ ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. თუმცა, განჩინებას თან ერთვის მოსამართლე ირინე იმერლიშვილის, განსხვავებული აზრი, რომელიც თვლის, რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ედუარდ მარიკაშვილის და GDI-ს (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არსებითად განსახილველად 2019 წლის 24 ოქტომბერს №2/13/1384 საოქმო განჩინებით მიიღო.
როგორც მოსარჩელე მხარე ამბობს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს მიმართეს. სადავო ნორმები ადგენს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოდ ჩართვის წესს, რაც თავის მხრივ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სქემაში კონტრიბუციის განხორციელებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას. ასევე, კონსტიტუციურ სარჩელში თანასწორობის უფლებასთან წინააღმდეგობის არგუმენტით სადავოდ იყო გამხდარი საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი.
საყურადღებოა, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმათა მოქმედებით დამსაქმებლის საკუთრების უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. რაც, ნორმათა შეჩერების საფუძველია, თუმცა სასამართლომ მისი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით გაამართლა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის გახორციელების შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს.
მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, არ ეთანხმება კოლეგიის შემადგენლობას და მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამსაქმებლების შემთხვევაში სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა.
მოსამართლის მოსაზრებით, დამსაქმებელთა ვალდებულების დამდგენი ნორმის შეჩერების შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას არსებითი საფრთხე არ შეექმნებოდა, რადგან საპენსიო სააგენტოს ფინანსები პირველი 3 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია არა შენატანებზე, არამედ 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამასთნავე, ირინე იმერლიშვილი, მიიჩნევს, რომ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესს ვერ გადაწონის დასაქმებულებისა და საპენსიო სქემის ფუნქციონირების ინტერესების დაცვის საჭიროება და არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ყველა წინაპირობა.
სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არსებით სხდომაზე იმსჯელებს.