ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მცხოვრებლების ერთი ნაწილი “გურია ნიუსს” დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის სახელით ადგილობრივი ირმა გორდელაძის (2018 წლის 5 ოქტომბერს) პეტიცია დარეგისტრირდა.
“აიკრძალოს სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვება. სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა. ყველას მოგეხსენებათ, რომ აჭის წყლის ხეობა არის უნიკალური და ეს სიმდიდრე უნდა შევუნახოთ ჩვენს მომავალს და ქვეყანას. ტურისტებისთვის ეს ადგილი არის ერთ-ერთი მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, ლიხაურელებს სურთ, ეს სოფელი უფრო განვითარებული და წარმატებული იყოს. დიდია საშიშროება, რომ ის უნიკალურობა, რაც აქვს ხეობას, დაკარგოს და მოსახლეობას ეს ნამდვილად არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ამის სურვილი. მდინარე აჭისწყალი უზრუნველყოფს სოფელ ლიხაურსა და დაბა ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. თუ კი ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებით, დიდი მადლობელი დაგრჩებით”, _ ეწერა პეტიციაში, რომლითაც მოსახლეობა აჭის წყლის ხეობის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას და მდინარიდან ინერტული მასალის გატანის აკრძალვას ითხოვდა.
“გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მოიპოვა:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე აჭის წყალზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების აკრძალვა, წიაღის შესახებ საქართველოს კანონით და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და მოპოვების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ნომერი 136-ის დადგენილების შესაბამისად, არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიის მფლობელების მიერ წიაღისეულის ტრანსპორტირება ხორციელდება სოფლის შიდა გზებზე (რაც გათვლილი არ არის) მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რაც, თავის მხრივ, გამოიწვია სოფლის შიდა გზების დაზიანება, ასევე, სოფელს შეექმნა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამართა შეხვედრები ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიცენზიის მფლობელებთან. მოსახლეობისთვის შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად მიზნით, დღეის მდგომარეობით, ქვიშა-ხრეშის მოპოვება არ მიმდინარეობს”.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, ამ დღეებში ოფიციალური პასუხი ადრესატამდე აუცილებლად მივა.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რამდენი პეტიცია დაკმაყოფილდა დადებითად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, ამ ეტაპზე ორი პეტიციის საშუალებით მოგვარდება შემდეგი სახის პრობლემები:
“პირველი _ სოფელ ლიხაურის მოსახლეობა ითხოვდა 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციას, ამისთვის საჭირო თანხები მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა და ლიხაურში წელს სკვერის კეთილმოწყობაზე 10 000 ლარი დაიხარჯება, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მეორე პეტიცია ეხებოდა ქალაქ ოზურგეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის მოთხოვნას, რის შემდეგაც შეიქმნა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი, რომელიც შემდეგი მიმართულებებით იმუშავებს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება, ქალაქის გეოინფორმაციული მოდელის მომზადება და ა. შ.” _ გვითხრა ეკატერინე მგელაძემ.
2019 წელს მერიაში სამი პეტიციის დარეგისტრირება მიმდინარეობს, ერთი მათგანის შესახებ “გურია ნიუსი” უკვე წერდა _ ადგილობრივი მკვიდრი გურამ მიქელაძე მოსკოვის ქუჩის გადარქმევის ინიციატივით გამოდის. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ჩვენ მათ უცვლელად გთავაზობთ.
მოსკოვის ქუჩის 26-წლიანი მოუგვარებელი პრობლემა _ ქალაქ ოზურგეთში, მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, უკვე წლებია, ყოველი გაწვიმებისას გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.
მოსახლეობამ, როგორც თავად ამბობენ, დახმარებისთვის და პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთგზის მიმართა, თუმცა, დაპირება, ჯერჯერობით, დაპირებადვე რჩება.
გარდა ამისა, მერიაში პეტიცია სოფელ დვაბზუს მოსახლეობამაც შეიტანა:
“მოგახსენებთ, რომ სოფელი დვაბზუ ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი სოფელია თავისი კულტურული ძეგლებით და გეოგრაფიული მდგომარეობით. სოფელი დვაბზუ ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მჭიდრო დასახლებით გამოირჩევა. დვაბზუში ტურისტული პოტენციალიც არსებობს. განსაკუთრებით გამორჩეული ადგილი შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმია. სოფელი დვაბზუ გამოირჩევა თავისი ბუნებრივი პირობებით , სოფელში მოედინება მდინარე ნატანები, სადაც ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს და კარიერებია განთავსებული. სოფელში ორი მნიშვნელოვანი ქარხანა _ ბენტონიტის და ასფალტის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს. სოფელში არის 7 თხილის სატეხი საამქრო, სარიტუალო დარბაზი, ჩაის ფაბრიკა და სხვა მნიშვნელოვანი საწარმო ობიექტები, რომლისგანაც გადასახადები შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და მნიშვნელოვნად აისახება. გამომდინარე ბიუჯეტში დვაბზუდან შეტანილი წვლილისა, იქნებ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებით მიექცეს ყურადღება სოფლის მოსახლეობის მოთხოვნას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გვსურს, სოფელ დვაბზუს ცენტრში გაკეთდეს პარკი, იმ ადგილას, სადაც ამჟამად ძველი დანგრეული (ბამბუკის) შენობაა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს მისი არსებობა. აღნიშნული შენობის ეზოში მოსახლეობამ აღმოაჩინა ქვეწარმავალი, რაც დიდ საფრთხეს ქმნის, რადგან ამ შენობის გვერდით მდებარეობს საბავშვო ბაღი და სკოლა, სადაც ბავშვები მუდმივად მოძრაობენ. ჩვენ, სოფლის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოგმართავთ, რომ მოხდეს ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას მოეწყოს პარკი. ამ შენობის წინ არის დვაბზუს წმინდა გიორგის ეკლესია და ახალგაზრდების დიდი ინტერესია ამ პეტიციის სისრულეში მოყვანა. სოფელ დვაბზუს ცენტრში პარკის მოწყობა გაალამაზებს სოფლის იერსახეს, აგრეთვე სოფლის მოსახლეობას სასიამოვნო შეკრების ადგილი გაუჩნდებათ. გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს მიერ შემოტანილი პეტიცია და გადაწყვიტოთ დადებითად”, _ წერს სოფელ დვაბზუს მოსახლეობა.