მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება მთავრობისგან დამატებით გამოყოფილი 140 ათასი ლარით შეძლო, წინასაახალწლო დღეებში მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში თანამშრომლებზე მაინც მოხერხდა პრემიების გაცემა. საფინანსო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, ეს თანხა, ჯამში, 60 ათას ლარს შეადგენს.
იმის მიუხედავად, რომ ლანჩხუთში საკრებულოს მოქმედი შემადგენლობა, დაახლოებით, თვენახევრის წინ შეიკრიბა და, ფაქტობრივად, ხეირიანად დაკომპლექტებულიც კი არ არის, სახელფასო დანამატები მათაც ერგოთ.
როგორც როლანდ ლაშხია ამბობს, პრემიების გაცემა არა დამსახურების, არამედ სადღესასწაულო დღეების გათვალისწინებით მოხდა.
„სახელფასო ბიუჯეტი 13 თვეზე იყო გათვლილი და ერთი თვის ხელფასის ნახევარი თანამშრომლებზე პირველ აპრილს გაიცა, ნახევარი კი ახლა, წინასადღესასწაულო დღეებში, აქ არანაირ დამსახურებაზე არაა საუბარი“, _ გვითხრა ლაშხიამ.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის პოზიციას, მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად გვირჩია წერილობით მიგვემართა.