გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.
“საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ, პირდაპირ და უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუბერნატორების საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა. მისი თქმით, ის ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს. კვირიკაშვილმა გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
გუშინ თანამდებობები გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ დატოვეს.