ზაფხული ადამიანებისთვის დასვენებასთან ასოცირდება და მათი უმეტესობა წლის ცხელი დღეების გატარებას ზღვისპირეთში თუ აუზებსა და მდინარის პირას არჩევს, სადაც გაგრილებას და რუჯის მიღებას შეძლებენ. თუმცა, დამსვენებლების ნაწილი ნამზეურის ნაცვლად დამწვრობას იღებს.
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობებით მიმართვა, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
მზით დამწვრობა როგორც მანდილოსნებმა და მამაკაცებმა, ასევე ბავშვებმაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშით რუჯის მიღების მცდელობისას წელს მხოლოდ 1 ადამიანი დაიწვა.
ქაშიბაძის თქმით, ამ წუთისთვის დამწვრობის ცენტრში მზით დამწვარი 2 პაციენტი წევს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და მალე სახლში გაწერენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა ზღვის სეზონი სექტემბერ-ოქტომბერშიც გრძელდება და მას „ხავერდოვან სეზონს“ უწოდებენ. მზე ისეთი მცხუნვარე, როგორც ზაფხულში აღარ არის, თუმცა, სპეციალისტები რუჯის მიღების მსურველებს მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას მაინც ურჩევენ.