ლანჩხუთში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროტესტის ნიშნად ქალაქის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
როგორც გაირკვა, მათი პრეტენზიები ავტობანის ჩრდილოეთით მდებარე იმ ტერიტორიას უკავშირდება, რომელიც, მათივე მტკიცებით, კერძო პირმა უკანონოდ მიითვისა.
საგულისხმოა, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა, ერთი თვის წინ, ერთობლივი წერილით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ კი, მერს _ ალექსანდრე სარიშვილს და პრობლემის გადაჭრაში დახმარება ითხოვა. როგორც მერიის მხრიდან გაკეთებული განმარტებებით ირკვევა, მერმა თემასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და სათანადო მითითებებიც მისცა შესაბამის სამსახურებს. თუმცა, გაირკვა, რომ მერიის მხრიდან გახორციელებული რეაგირება მომჩივანი მხარისთვის სულაც ვერ აღმოჩნდა შედეგის მიმცემი და მეტი ყურადღების მისაპყრობად აქცია გამართეს.
შეკრებილები ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცავების მისვლას ითხოვდნენ. ეს უკანასკნელნი მივიდნენ კიდეც მოქალაქეების მხრიდან 112-ში დარეკვის შემდეგ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, მისი სახით მხოლოდ ქალაქის მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილი იყო წარმოდგენილი.
მოსახლეობის განმარტებით, პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ, უკვე წლებია, არსებობს, თუმცა, ავტობანის გახსნის შემდეგ უფრო გამწვავდა და მხარეებს შორის აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“წლებია ვითხოვთ, გემმშენის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ არსებული ღობის აღებას, მაგრამ _ არაფერი. მას შემდეგ კი, რაც ავტობანი გაიხსნა, პრობლემა უფრო ცხადი გახდა და შეგვაწუხა. ჩვენი საქონელი ამ ტერიტორიაზე ბალახობდა, ახლა კი ეს საბალახო ჩაიკეტა. სოფელ შუხუთიდან მოსული პიროვნება დაეპატრონა აქაურობას და გვიმტკიცებს, რომ თითქოსდა ყველაფერი კანონიერად აქვს. არადა, საკმაოდ დიდი მიწის ფართობი მიითვისა და უკანონოდ შემოღობა. სწორედ ამ მიწის გათავისუფლებას ვითხოვთ”, _ ამბობს მოსახლეობა.
მათივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქე ზვიად შავიძე 2016 წლიდან ფლობს ამ ტერიტორიაზე 1210 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს. ასევე, აღიარებითი კომისიის შედეგად იმავე პიროვნების მფლობელობაშია 616 კვ.მ. ორსართულიანი შენობა-ნაგებობა. თუმცა, მომჩივანთა განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებსა და შავიძის მიერ შემოღობილ ფართობს შორის სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემია.
“მის საკუთრებაში რაცაა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ, რაც არაკანონიერად აქვს მითვისებული, ის გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება და მერე არ თქვას ვინმემ, არაფერი ვიცოდითო. აქ კონფლიქტური სიტუაციები ყოველდღიურადაა. ძროხა ვერ გაგვიდენია საბალახოდ. გზაზე ამ ადამიანის მიერ დამოძღვრილი, მისსავე ფერმაში დასაქმებული ქალბატონები გვხვდებიან და სარებით მოგვდევენ, არის მერე წყევლა და გინება.
კეთილი ინებოს და დროულად მოგვაქციოს მერიამ ყურადღება, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ ჩაკეტილი მიწები. ხომ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რას აკეთებს, რატომ არ იყურება აქეთ?! ამ ადამიანს წყალი რომ უკანონოდ აქვს გაყვანილი, რატომ არ აჯარიმებენ?! სხვა კი დააჯარიმეს და შავიძეს პატრონი ჰყავს თუ რა ხდება?! ეს წყალი ადრე საერთო სარგებლობაში იყო და ჩვენი საქონელიც იკლავდა წყურვილს, ახლა ესეც შემოღობილი აქვს და ბალახთან ერთად უწყლოდაც დაგვიტოვა პირუტყვი. როცა მერი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვუთხარით პრობლემის თაობაზე, მან 12-საათიანი დრო ითხოვა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი 12 საათი გავიდა და ეს კაცი აქამდე აგრძელებს უკანონოდ შემოღობილ ტერიტორიაზე საქმიანობას, მხოლოდ ათიოდე მეტრზე აიღო ღობე, დანარჩენი ისევ ისეა ხელუხლებელი”, _ ამბობს მომჩივანი მხარე.
მეორე მხარის, ზაზა შავიძის პოზიცია, რომელიც მიწის გარკვეული ფართის ოფიციალური მესაკუთრის მამაა, სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით ასეთია:
“2006 წელს ვიყიდე შენობა-ნაგებობა და ტერიტორია ა. ქ.-სგან. მან მაშინ მითხრა, რომ ყველაფერს გადმომიფორმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ზვიად შავიძეზე რომ აპელირებენ მომჩივნები, ის არის ჩემი შვილი. დიახ, მის სახელზე მაქვს გაფორმებული შენობა-ნაგეგობა და მიწის გარკვეული ფართი, ასევე, ჩემი მეუღლის სახელზე. რომ ამბობენ, 8 ჰექტარი აქვს შემოღობილიო, ეს არის სიცრუე და რეალობას არ შეესაბამება. აქ მიწები ბევრს აქვს მოღობილი და მოიძიონ, ვისია, ვის კანონიერად აქვს და ვის _ უკანონოდ.
14 წელია, მე აქ ვარ, მეწარმე ვარ და გადასახადი შემაქვს ბიუჯეტში. 14 წელია სახერხს ვამუშავებ. რამდენჯერ შეგვამოწმეს, ვერც დავთვლი. ერთხელაც არავის დავუჯარიმებივარ. როგორ ფიქრობთ, რაიმე რომ ენახათ, ვინმე თვალს დახუჭავდა?! არავინ მყავს ე. წ. “კრიშა”. მათ კი ჰყავთ აშკარად და ამ ხალხს აბუნტებენ ჩემ წინააღმდეგ.
წყალს მოიპოვებს უკანონოდო, რომ გაიძახიან და თუ სხვა დააჯარიმეს, მაგას რატომ არ აჯარიმებენო, გეტყვით, როგორც იყო _ აქ მუშაობდა ბლოკის საამქრო, რომელსაც მუდმივად სჭირდებოდა წყალი. ამ შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონოდათ ლიცენზია, რომელიც არ ჰქონდათ და ამიტომ დააჯარიმეს ისინი. მე სასმელად ვიყენებ წყალს და ამისთვის ვინ უნდა დამაჯარიმოს? ერთი ძროხა მყავდა, როცა აქ მოვედი, ახლა 30-ზე ავედი. დღე და ღამე შრომაში ვარ. პირიქით, ვეხმარებოდი ხოლმე ამ ადამიანებს _ ხან ღობე ჰქონდათ გასაღობი, მასალის ნაკიდურებს ვაძლევდი. ვინმე გარდაიცვლებოდა, კუბოსთვის ფიცრებს ვაძლევდი.
სავარაუდოდ, ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ამასაც მალე გამოვააშკარავებ. 100 კაცის ხელმოწერა შეიტანეს მერიაში. ამ ასიდან 10 ხელწერაა ნამდვილი, ამასაც დავამტკიცებ, თუ საჭიროა. წყალი ჩაუკეტა საქონელსო, ესეც ტყუილია _ როცა ჩემს კუთვნილ შენობას ვღობავდი, წყალი ისე იყო, რომ ღობის შიგნიდან მოყვა. ამის გამო უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, დილიდან საღამომდე ჭიშკარი მქონდა ღია, რათა წყლით ყველას და ყველაფერს ესარგებლა. ამას ვერავინ უარყოფს. ქალები დაგვდევენ სარებითო, ძროხას ვერ ვდენითო, ეს რომ განაცხადეს, ის რატომ არ თქვეს, რა მოხდა?! მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი ფაქტი _ ერთ-ერთი დაპირისპირებული ჩემი მისამართით იგინებოდა. ჩემი მეუღლე შეესწრო ამ ფაქტს და ბუნებრივია, არ მოეწონა ლანძღვა-გინება, მაგრამ სარით ნამდვილად არავის გაკიდებია.
მეც ვითხოვ დაცვას. ამ ადამიანებთან საუბარი უკვე ზედმეტია. მიძახიან, წაეთრიე შენს შუხუთშიო. ასეთი მიდგომა სწორად მიგაჩნიათ? რა შუაშია შუხუთელობა, ლანჩხუთელობა, ყველა ამ ქვეყნის შვილები არ ვართ?! როცა მე შენობა-ნაგებობა გავიფორმე, მაშინ მიწის გაფორმება ვერ შევძელი. 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი. ვაღიარებ, ის არავის არის, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დიდი ხანია, 2006 წელს მერე მე ვსარგებლობ _ ამის ცოცხალი მოწმეები მყავს. ვის მოიყვან მოწმედ ვნახავთ, იმათ დედას ვუტირებთო, _ ასე მითხრეს. მკვლელობამდე არ მივიდეს საქმე, ამის მეშინია. პოლიცია უნდა გამოვიძახო, თავი რომ დავიცვა? გზა რომ გავაკეთე, 1200 ლარი დამიჯდა, არავინ დამხმარებია და ამ გზით ჩემი ტრაილერების გარდა, 4 სოფელი რომ სარგებლობს, მაშინ რატომ არ მიჩივლეს, გზას რატომ აკეთებო?! ამათ ვიღაც “კრიშავს” და ჩემ წინააღმდეგ აბუნტებს. 14 წელია 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი, აქამდე რატომ არავის გაახსენდა ეს ფაქტი. არავის მოუთხოვია, მიწა გახსენიო”, _ თქვა ზაზა შავიძემ.
სადავო ტერიტორიასთან შეკრებილ უკმაყოფილო მოსახლეობას პოლიციამ სიტუაციაში გასარკვევად რამდენიმედღიანი ვადა სთხოვა:
_ გარკვეული დრო გვჭირდება სიტუაციაში გასარკვევად. გვაცალეთ და პრობლემას მივხედავთ, _ უთხრეს მათ სამართალდამცავებმა.