25 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა შედგა, სადაც უპრობლემოდ და კამათის გარეშე განიხილეს საკრებულოს რამდენიმე დადგენილების პროექტის განხილვის და შემდგომი პროცედურების განსაზღვრის შესახებ საკითხები. თითოეულ საკითხს ბიუროს წევრებმა დადებითად უყარეს კენჭი მომდევნო სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაყადაღებული მიწების თაობაზე, რომელიც სამასამდე დიდ თუ პატარა ნაკვეთს წარმოადგენს, სხდომაზე ქონების მართვის განყოფილების უფროსმა, მალხაზ გორგოშიძემ ისაუბრა.
გორგოშიძის თქმით, ეს საკითხი გამოძიების ხელშია, თუმცა, ადამიანები, რომლებმაც აუქციონზე შეისყიდეს მიწები და არაფერი დაუშავებიათ, წუხან ამ გაჭიანურებული გამოძიების გამო.
დეპუტატმა, ბიუროს წევრმა ტარიელ აროშიძემ დასვა კითხვა, თუ რა ეშველება ამ საქმეს და როდის დასრულდება გამოძიება:
_ როცა სამასამდე ნაკვეთია დაყადაღებული და ადამიანების უფლება ირღვევა ამ გაჭიანურებული პროცესით, რა უნდა ქნან მათ? სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ლოდინი? _ თქვა მან.
_ ადამიანების უმეტესობამ მიწები შეისყიდა სამართლიანად, სურვილით, რომ ან მაღაზია გაეხსნა, ან რაღაც საქმე წამოეწყო. ახლა რა უნდა ქნან? ყველა გაურკვევლობაში ვართ, არათუ ისინი. გამოდის, რომ ადამიანებს ხელს ვუშლით. კაცს ჰქონდა გეგმები, ივაჭრა აუქციონზე, გადაიხადა ფული. მერე ადგა ვიღაც და დაუყადაღა უკლებლივ ყველას, ვინც “ამბავში” მოჰყვა თუ არ მოჰყვა. ეს ადამიანები ითხოვენ პასუხს, _ კვლავ დააკონკრეტა საკითხი დეპუტატმა აროშიძემ და მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას, რომ ამ საქმეში ჩართონ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ გამოძიებას აქვს ეჭვი, რომლის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, ამდენ ხანს არ უნდა ჭიანურდებოდეს, რადგან ადამიანების მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
_ რა უნდა ვქნათ, როცა ამომრჩეველი მოდის, გეუბნება, რომ ვიღაცის გამო მას უსამართლოდ მოექცნენ, დაუყადაღეს გაჭირვებით ნაყიდი მიწები და ითხოვენ დახმარებას?! ისინი ელოდებიან პასუხს, თან დროულად, _ არაერთხელ გაიმეორეს ბიუროს წევრებმა.
_ ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ საკითხი, დააჩქარონ გამოძიება. ჩვენ ყადაღის მოხსნა ხომ არ შეგვიძლია? მახსოვს, ერთ ფირმას ჰქონდა მსგავსი პრობლემა. საკრებულო ჩაერია სწორედ ასეთი ფორმით და ყადაღა მოუხსნეს. ანუ დავსვათ საკითხი, რომ გაჭიანურებული გამოძიება დაჩქარდეს, _ თქვა ბიუროს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ.
ბიუროზე ითქვა, რომ საკითხი ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გასაყიდად აუქციონზე გატანილი მიწების საკითხს, რომლის დაყადაღებას, იმ პერიოდში აუქციონზე გაყიდული ბევრი დანარჩენი ნაკვეთის დაყადაღება მოჰყვა.
_ საინტერესოა, თვითონ რატომ არ ასაჩივრებენ, რომ გამოძიება გაჭიანურდა და აქ რატომ ითხოვენ ყადაღის მოხსნას? _ იკითხა საკრებულოს წევრმა “პატრიოტთა ალიანსიდან” შოთა გოგიბერიძემ.
_ ჩვენ შემთხვევით გავიგეთ მაშინ, რომ მოხდა ამ მიწების დაყადაღება და დღესაც ჭორის დონეზე ვიცი ეს ამბები. ყველაფერი გამოძიების საქმეა, _ თქვა მალხაზ გორგოშიძემ.
ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიწის მართვის კომისიამ, რომელსაც გოჩა კილაძე ხელმძღვანელობს, ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილოს.