დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფელ მერიის მცხოვრებლები მივიდნენ და წყალთან დაკავშირებული პრობლემების გამო პროტესტი გამოხატეს.
_ ჩვენ სოფელ მერიის მე-2 ბრიგადის, გოგორეთის უბნის მცხოვრებლები ვართ. მერთან, კოტე შარაშენიძესთან შეხვედრა გვინდა, მაგრამ არაა სამსახურში. სად არის, როდის ვნახოთ?! ამ სიცხეში რომ წყალი არ გექნება, რა უნდა ვქნათ? ასე ვართ რამდენი წელია. წყალი ცხოველსაც უნდა და ჩვენზე უფრო ახერხებს მოპოვებას. დასალევი და დასაბანი წყალი არ გვაქვს და როგორ ვიარსებოთ? სადაა მერი? ქეიფობს, ალბათ?! _ გვითხრა უზეირ გოჩიტიძემ.
_ რა იცით, რომ საქეიფოდ არის?
_ აბა, სად არის? სამსახურში არ უნდა იყოს ამ დროს? ვერც გვეუბნებიან, სადაა. უწყლოდ ვიხრჩობით. არც გაზი გვაქვს „კრუგში“ ყველგან არის, ჩვენ კი ვყრივართ ისე, _ განაგრძო გოჩიტიძემ.
კითხვაზე, აქამდე თუ მიმართეს მერიას ან განცხადება თუ აქვთ შეტანილი, მანანა ფუტკარაძემ და ნოდარ აბულაძემ თქვეს, რომ განცხადება არ ჰქონიათ შემოტანილი, თუმცა, ამის შესახებ სიტყვიერად არაერთხელ უთხრეს მერს, არჩევნების დროს, განსაკუთრებით.
_ განცხადება არ გვაქვს დატოვებული. თავად მოვედით და ახლა ვწერ აგერ. კოტე შარაშენიძის არჩევნები რომ იყო, შეხვედრაზე ვუთხარით ჩვენი გასაჭირის შესახებ. შეგვპირდა, მოგაქცევთ ყურადღებას, მოდითო. მერე, როცა მერი გახდა, მაშინვე ყელში ხომ არ ვწვდებოდით? ცოტა სული მოითქვას,-თქო , ვიფიქრეთ.
მას შემდეგ ჩვენკენ არც არავის გამოუხედავს. მოვედით ახლა და არაა სამსახურში. არც არავინ გვეუბნება, სადაა. გვინდა, შევხვდეთ. ვწერთ ახლა განცხადებას და დავტოვებთ, ეს ქაღალდი თუ უშველის საქმეს, მაგას რა სჯობს, _ გვითხრა მერიის მკვიდრმა შოთა მახარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ მერიელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, უთხრა, რომ განცხადების შემოტანა აუცილებელია და დახმარებას შეპირდა.
_ აქამდე არ მოსულხართ. უნდა შემოიტანოთ განცხადება. მერე უნდა დადგინდეს, როგორ მოხდება გაკეთება, რაა საჭირო. დაწყნარდით და ყველაფერი მოგვარდება, _ თქვა მან და მოუწოდა საპროტესტოდ მოსულ მერიელებს, განცხადება დაეწერათ.
უზეირ გოჩიტიძე, სოფელ მერიის მე-2 ბრიგადად წოდებული გოგორეთის უბნის მცხოვრები: _ დაპირება გვაკლია ჩვენ? ჯერ იყო და ზვიად კვაჭანტირაძე რომ დეპუტატი იყო, მოვიდა და ყველაფერი გექნებათ, არაფერი მოგაკლდებათო. მერე თალაკვაძე მოვიდა და იმანაც ისევე დაპირებებით აგვავსო. რამდენი არჩევები მოახლოვდება, იმდენი დაპირებაა. ხმებისთვის აღარ მოვიდნენ მერიაში _ ჯერ წყალი გაგვიკეთონ სასწრაფოდ.
მანანა ხომასურიძე, სოფელ მერიის გოგორეთის უბნის მკვიდრი: _ ჩვენთან წყალი კომუნისტების დროს იყო. მერე დაყრუვდა თუ გაუქმდა ორი უზარმაზარი აუზი. რომ ნახოთ, რა საცოდავად ვეზიდებით წყალს ვედროებით, ურიკებით, ბალონებით, შეგეცოდებოთ. ბოსტანს და ბაღჩას ვინ ჩივის, ბოდიში და, დასაბანი წყალი არ გვაქვს. ხელისუფალი უნდა ამყოფო ამ დღეში და ნახავენ, კარგი თუა. ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს, მოგვაქციონ ყურადღება. კი არის შესაძლებელი, რომ ჩვენთან მცხოვრებ 30 ოჯახს წყალი ჰქონდეს. ნუ დაგვახრჩობთ, ხალხი ხომ ხართ!
მარინა ონიანი, მერიის მკვიდრი: _ ჩვენ აქ გასაჭირმა მოგვიყვანა. ამ სიცხეში გვიხარია აქ მოსვლა და დავა?! ხომ იციან, რომ წყალი არ გვაქვს. ახლა ოფიციალური განცხადება ყოფილა საჭირო. ამასაც ვიზამთ, დავწერთ და დავტოვებთ.
საპროტესტოდ მოსულებმა განცხადება დაწერეს და დატოვეს. თან გვითხრეს, ჟურნალისტებიც თუ მოგვაქცევთ ყურადღებას, ძალიან კარგს იზამთო.
„გურია ნიუსი“ თვალს მიადევნებს მერიის გოგორეთის უბნის მცხოვრებთა პრობლემებს და უახლოეს მომავალში უამბობს მკითხველებს.