დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან” არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ, ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ”,-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა.
44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს.
სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.
სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.