ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე აშკარაა, გაორმაგებული ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, უკვე სახეზეა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 194 900-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 164 786-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა”,_ განაცხადა სიჭინავამ.