ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #1-ში მდებარე ოქროს ლომბარდთან დაკავშირებული პრეტენზიებით მოსახლეობამ “გურია ნიუსს“ მომართა.
როგორც დაზარალებული ადამიანები ამბობენ, მათ შეიტანეს ოქროს გამოსახსნელი თანხა, თუმცა, ორი თვე გავიდა და საკუთარ ნივთს ვერ იბრუნებენ. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა თითქმის 200-მდე მოქალაქეს აქვს.
“ორი თვის წინ შევიტანე ოქროს ლომბარდში გამოსახსნელი თანხა, მითხრეს, რომ სამ დღეში მივიღებდი ჩემს კუთვნილ ნივთს, ამის შემდეგ ზუსტად ორი თვე გავიდა და ჩემი ნივთი არ დაუბრუნებიათ.
ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დავდივარ იქ და ვხედავ, რომ ჩემნაირი პრობლემის მქონე არის უამრავი ადამიანი, რომელიც თავის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ითხოვს.
ცუდი ის არის, რომ ადამიანები პროცენტს იხდიან და ატყუებენ, აიმედებენ, რომ ნივთს უკან დაუბრუნებენ. ჩვეულებისამებრ, მოგვდის სმს შეტყობინება პროცენტის გადახდის თაობაზე. როდესაც დავინტერესდი, რა ხდებოდა, გავიგე, რომ ლომბარდს ადევს ყადაღა და ყველა ნივთი გაყიდულია. ჩემნაირი დაზარალებული არის, დაახლოებით, 200 ადამიანი. ძალიან გთხოვთ, იქნებ რაიმეთი დაგვეხმაროთ“, _ ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული “გურია ნიუსთან“ საუბრისას.
“გურია ნიუსი” შეეცადა ადგილზე გადაემოწმებინა ინფორმაცია. გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #1-ში მისულებს კი არავინ დაგვხვდა. ჩვენ დავუკავშირდით ლომბარდის მეპატრონეს შორენა მოესწრაფიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ლომბარდი საქმიანობას ჩვეულებისამბერ გააგრძელებს:
“არაფერი იყო, ოთხშაბათს უკვე ყველაფერი რიგზე იქნება. მქონდა ტექნიკური პრობლემა. არავის ნივთი არ არის დაკარგული, ყველას მივცემ თავის ნივთს. მქონდა რაღაცა პრობლემები, გადავაფორმე უკვე და ყველაფერი რიგზე იქნება”, _ აღნიშნა მან.