ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა მამალაძე-ჯაშის გასაჭირზე ვიდრე ვრცლად ვისაუბრებდეთ, დასაწყისშივე ვიტყვით, რომ იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არაერთხელ მისულა დახმარებისთვის.
გასულ კვირაში, ის კიდევ ერთხელ ეწვია მერიას და ჩვეულებისამებრ, ითხოვა სახლის დახურვაში დახმარება. შინ დაბრუნებულს კი, მეუღლე, რომელიც 11 წლის განმავლობაში გულით ავადმყოფობდა, გარდაცვლილი დახვდა. როგორც თავად ამბობს, მეორე დღეს ისევ მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და დახმარება ამჯერად სარიტუალო მომსახურებისთვის ითხოვა, თუმცა, უთხრეს, რომ 100 ლარითაც არ შეეძლოთ დახმარება, თანხის უქონლობის გამო.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მართალია, ნათელა ჯაშს ას ლარზეც უარი უთხრეს, თუმცა, მაისში, ექადიის უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს სარიტუალო მომსახურებისთვის 500 ლარით დაეხმარნენ. ასევე, ცოტა ხნით უფრო ადრე, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახსაც, გარდაცვლილის სარიტუალო ხარჯებისთვის 500 ლარი ჩაურიცხეს.
_ მითხრეს, ფული ახლა საერთოდ არ არის და ვერ დაგეხმარებითო. ხოლო, სახლს, როგორც კი საშუალება გაჩნდება, გადაგიხურავთო. ასე წამოვედი. არაერთხელ ვიყავი მისული _ სახლის დახურვას დიდი ხანია ვითხოვ. წინა ხელისუფლების დროსაც ვითხოვდი. ჯერჯერობით, დაპირების ამარა ვარ. ახლა მეუღლეც გარდამეცვალა. 11 წელია, გულით ავადმყოფს ვუვლი. რა ვქნა, ცოტათი რომ დამხმარებოდნენ, როგორ არ მოხერხდა?! ახლაც მპირდებიან და მაინც ვიმედოვნებ, რომ დამეხმარებიან, _ ამბობს ნათელა ჯაში.
“გურია ნიუსი” იმ დროს მივიდა ჯაშების ოჯახში, როდესაც გარდაცვლილი გურამ ჯაში ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული.
_ კიდევ კარგი, მზიანი ამინდია, არ წვიმს. მადროვა ამინდმა ჩემი უმძიმესი გასაჭირის დროს, თორემ ნახეთ, რას ჰგავს ოთახების ჭერი _ სულ წვიმა ჩამოდის, ისეთი ძველი და დამტვრეული შიფერი ახურავს სახლს, _ გვითხრა ქალბატონმა ნათელამ.
სახლის სახურავის მდგომარეობა კი მართლაც სავალალოა. განსაკუთრებით სახლის უკანა ნახევრის სახურავი. აქ ძველ შიფერზე ბევრგან არის დადებული აგური, ზოგან _ ქვა, რაც ქარისგან თუ იცავს, წვიმისგან კი, როგორც მასპინძელმა გვითხრა, მრავალი წელია, თავმობეზრებული არიან _ ჭერში ბევრგან უდგას ჯამი, რომ წვიმის წყალი როგორმე შეაკავონ.
ნათელა ჯაშს ორი შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, ისინი თბილისში მუშაობენ და ქირით ცხოვრობენ.
_ ეკონომიკურად ძლიერად რომ იყვნენ შვილები, დამეხმარებოდნენ და სულ არ მივაკითხავდი ხელისუფლებას, მაგრამ რა ვქნა? მე დიდხანს ვმუშაობდი ბაზარში. მერე ჯანმრთელობამ მიმტყუნა. როგორც გითხარით, 11 წელია, გულით ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი. ბოლოს, მაინც ძალიან ცუდად იყო და კი დამხვდა შინ მკვდარი.
რა ვიღონო, არ ვიცი. ძალიან ძნელია, როცა თავზე გაწვიმს, კიდევ უფრო ძნელი ეკონომიკური გასაჭირია, როცა ვერ აკეთებ, მთავრობას ეხვეწები და იქ კიდევ უსასრულოდ გპირდებიან რაღაცას. მითხრეს, რომ აუცილებლად სტიქიამ უნდა დაგაზარალოსო. ეს აგურები რომ არ დამეწყო სახურავზე, კი გადმოყრიდა ქარი ამ შიფერს და ვიქნებოდი სტიქიით დაზარალებული. მეტი რა უნდა დავზარალდე, წვიმის დროს, ლამის, ქოლგით ვზივარ სახლში. ახლაც დამპირდნენ, გაგიკეთებთო, მაგრამ რა ვიცი?! ასი ლარი არ აქვთ, ჯერჯერობით _ ასე მითხრეს და მერე ვნახოთ, რა იქნება. თუ მთლად დაპირების იმედად არ დამტოვეს. ამბობენ, ბევრია მიწასთან გასწორებული სახლი და რა ვქნათო. მეც ბევრი მიწასთან გასწორებული სახლი და ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფიც მინახავს, მაგრამ გადაუხურეს. იქნებ, რაიმე საშველი ჩემთვისაც გამოინახოს?! _ ამბობს ნათელა ჯაში.
ნათელა ჯაშის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მგელაძემ ასეთი განმარტება მოგვაწოდა:
“ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ნათელა ჯაშის განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებელი სახლის გადახურვასთან დაკავშირებით, შემოვიდა 2018 წლის 19 თებერვალს. ფულადი დახმარების მოთხოვნით მას არ მოუმართავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და შესაძლებლობის გაჩენისთანავე მოხდება მისთვის დახმარების გაწევა”.
აღნიშნულ პასუხში მიანიშნებენ, რომ ქალბატონ ნათელა ჯაშის მათთვის ფულადი დახმარება არ უთხოვია. ალბათ, წერილობით მოთხოვნას გულისხმობენ, რისი დაწერის დროც, როგორც ქალბატონი ნათელა ამბობს, მართლა არ იყო _ მან განმარტა, როცა მერიიდან დაბრუნებულს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა, მეორე დღესვე დახმარება ითხოვა უკვე სარიტუალო მომსახურებისთვის, თუმცა, უშედეგოდ.
_ მანამდე ნამდვილად სახლის დახურვას ვიხვეწებოდი და ამიტომ დავდიოდი. სულ ვჩქარობდი უკან დაბრუნებას, თუმცა, მაინც გარდაცვლილი დამხვდა მეუღლე, რის შემდეგაც უკვე დაკრძალვისთვის საჭირო ფულადი დახმარება ვითხოვე, თუმცა, უარი მივიღე. განცხადება ნამდვილად არ დამიწერია, მიღება იყო და ვითხოვე. იქ ბევრს შევეცოდე და ცდილობდნენ, ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო საქმე, თუმცა, ფული არ არისო და…
ცოცხალ ადამიანს ყველაფერი სჭირდება და იქნებ, აწი მაინც დამეხმარნონ. არავის შეწუხება არ მინდა, მაგრამ არაა სხვა გზა?!
მაქვს ეს დაუხურავი სახლი და მყავს დასამარხი ქმარი, რისთვისაც ასი ლარი არ გამოინახა. სახლის სანახავად კი იყვნენ ადრე, დაათვალიერეს, ჩაიწერეს და დახმარებაც აღმითქვეს, რასაც დღემდე ველოდები, _ ამბობს გასაჭირში მყოფი ქალბატონი.