“გურია ნიუსის” ინფორმაციით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ორივე მუნიციპალიტეტის გამგებელს _ ზაზა ურუშაძეს და ირაკლი კუჭავას დაუპირისპირდა.
ჩვენის წყაროს თქმით, წილოსანმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ არცერთ მათგანს მხარს არ დაუჭრეს, რადგან ორივე მათგანის მუშაობით უკმაყოფილოა.
დაპირისპირების შესახებ არსებულ ინფორმაციას უარყოფენ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გამგებლები. ამას არც ნინო წილოსანი ადასტურებს, თუმცა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ორივე მუნიციპალიტეტში მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი.
_ არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გამგებლებთან. რაც შეეხება მათი მუშაობით კმაყოფილებას, ორივე რაიონში მაქვს ჩემი მოსაზრებები, რაც უნდა გამოსწორდეს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წილოსანმა.
_ ქალბატონო ნინო, იქნებ დაგვიკოკრეტოთ რამ გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება. რა ვერ შეძლეს გამგებლებმა?
_ ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ რაღაც უკეთ გააკეთო. ჩემი პრინციპი უკეთესობისკენ სვლაა _ ესაა და ეს.
_ ლანჩხუთში ურუშაძის, ხოლო ჩოხატაურში კუჭავას კანდიდატურას დაუჭერთ მხარს თუ ფიქრობთ, რომ “ახალი სისხლია” საჭირო?
_ გამგებლის კანდიდატზე ჩემი პოზიცია ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და იქნება შედეგი მნიშვნელოვანი განსჯის და ბჭობის. ბატონ ირაკლის და ზაზას რაც შეეხებათ, მე მგონი ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ.
_ ანუ? მეტი არ შეუძლიათ?
_ ეს თქვენი ვერსიაა.
_ ეს შეკითხვაა თქვენი პასუხიდან გამომდინარე…
_ მე შემიძლია გესაუბროთ ჩემს შესაძლებლობებზე. რაც შეეხება გამგებლებს, იმედი მაქვს ისინი ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ.
_ კითხვაზე არ გვპასუხობთ… ირაკლი კუჭავა და ზაზა ურუშაძე არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ?
_ ირაკლი კუჭავა და ზაზა ურუშაძე ჩვენი მოსახლეობის რჩეულები არიან. მათ 2014 წელს მხარი დაუჭირა ჩვენმა საზოგადოებამ. რაც შეეხება ჩემს კრიტერიუმებს, ის ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს და გარდა კანდიდატის პირადი შესაძლებლობებისა, აუცილებლად ვითვალისწინებ მოსახლეობის განწყობებს. ამ მიმართულებით ჯერ კიდევს მაქვს გამოკითხვები. საბოლოო მოსაზრება გამგებლის კანდიდატურასთან დაკავშირებით იქნება მაშინ, როცა იქნება. ვერაფრით უფრო ადრე.
_ მოსახლეობაში გამოკითხვებს თქვენ ატარებთ?
_ მოსახლეობას მუდმივად ვხვდები და მათ წუხილებს და მოსაზრებებს ვეცნობი.
_ თქვენი გამოკითხვის წინასწარი მონაცემები გაგვიმხილეთ _ რას ამბობენ გამგებლებზე თქვენთან?
_ აუცილებლად გაგაცნობთ საბოლოო, შეჯერებულ ინფორმაციას.
_ ქალბატონო ნინო, თქვენი პასუხებით თუ ვიმსჯელებთ მოქმედი გამგებელების სასიკეთოდ არაა თქვენი კვლევის შედეგები…
_ რატომ მსჯელობთ? _ მალე დაზუსტებით გეტყვით.
_ ეს “მალე” როდისაა, როცა კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებენ?
_ როცა გადაწყვეტილებას მივიღებ მე პირადად.
_ გადაწყვეტილებას იმის შესახებ დაუჭერთ თუ არა ურუშაძეს და კუჭავს მხარს?
_ გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვის მივცემ რეკომენდაციას.
_ ქალბატონო ნინო, ზაზა ურუშაძის და ირაკლი კუჭავას მიმართ, რომლებმაც გუნდათ ერთად მოახერხეს და 12 დღეში, სრულიად უცნობ კანდიდატს 47% აგაღებინეს ვალდებულებას არ გრძნობთ?
_ ვალდებულებას ვგრნობ ჩვენი მოსახლეობის მიმართ.
_ იმ ადამიანების მიმართ არა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს თქვენი გამარჯვებისთვის? პარტიის თავმდჯომარეები, შტაბის უფროსები… საკმაოდ დიდი ჩამონათვალია…
_ ყველამ, მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ მოსახლეობამდე ჩვენი პროგრამა მოგვეტანა. ყველა ვემსახურებოდით ერთ იდეას _ ჩვენს გუნდს და მოსახლეობას. ამიტომ, აქ, ვალდებულებები ცოტა არასწორი სიტყვაა.
_ სწორი სიტყვა და საქციელი როგორია _ თქვენი მხარდაჭერა ახალ სახეებს?
_ არსებულს სიტუაციაში სწორი კანდიდატისთვს მხარის დაჭერა.
_ “სწორი კანდიდატი” ვინაა?
_ მაგას, როგორც კი გავაანალიზებ სიტიუაციას მაშინვე მოგწერთ.
_ სიტუაცია ამდენ ხანს ვერ შეისწავლეთ? _ ამ შეკითხვაზე წილოსანმა პუსხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ “ყველა კითხვა ამოწურულია”.
თუმცა, ასე არ ფიქრობს მოსახლეობა, რომლებსაც მაჟორიტარ დეპუტატთან კითხვები მართლაც ბევრი აქვთ, მაგრამ, უკვე 7 თვეა ნინო წილოსანმა ჩვენს სტუდიაში მოსასვლელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად ვერ მიიცალა. დეპუტატი კომუნიკაციას და კითხვებზე პასუხსაც სმს-ებით ამჯობინებს და გამონაკლისი არც ეს ინტერვიუ ყოფილა.
როგორც თავად ახსნა ამის მიზეზი მოუცლელობა და პარლამენტის სხდომებია, საიდანაც საუბარი არა, თუმცა მესიჯობა შესაძლებელია.