2016 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭომ ინტერნეტზე წვდომა გამოაცხადა ადამიანის ძირითად უფლებად, რომელიც პიროვნებას უნდა აძლევდეს “საკუთარი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას”. “ინტერნეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხელშესაწყობად დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში”, _ წერია საბჭოს მოხსენებაში.
საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლში შევიდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, “ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება”. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ინტერნეტი გახადოს ფართოდ ხელმისაწვდომი. ამ ინფრასტრუქტურის აწყობა-გამართვა (ხელმისაწვდომი, იაფი ინტერნეტი, მიმღები აპარატურა, მონაცემთა საცავები…) კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც წარმოება-მიწოდების, ზოგადად, ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე, საჯარო მომსახურების მისაღებად, მართვაში თანამონაწილეობისთვის, სხვადასხვა სერვისების და ინფორმაციის მისაღებად.
ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის გახორციელება დაიწყო. 150-მილიონიანი პროექტის მიზანი, საქართველოს ყველა რეგიონისა და და სოფლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა იყო.
პირველი ფაზის ფარგლებში, საქართველოს ათ რეგიონს შორის იყო გურიაც და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ინტერნეტით 30 სოფელს უნდა ესარგებლა. ამ პროექტის გახორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ა(ა)იპ “Open Net”-ი დააფუძნა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამაში შეიტანა დაპირება, რომ ააშენებდა 8000 კმ ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა.
2016 წელსვე, ზაფხულში, მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანი საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. მისი შესრულება ა(ა)იპ “Open Net”-ს დაევალა.
საქმე, ისევ ფუჭ ლაპარაკად დარჩა და 2017 წელს, მთავრობის სხდომაზე ისევ “დაამტკიცეს”, რომ საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნებოდა “საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში. პროგრამით გაიწერა კონკრეტული ნაბიჯები. მიღებული სტრატეგიის თანახმად, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთან ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა. კერძო ბიზნესის ინტერესი რომ არ შელახულიყო, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, აშენებული მაგისტრალი კერძო პროვაიდერზე უნდა გაქირავებულიყო.
“არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი “ქართუ” აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა”, _ განაცხადა მაშინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
თუმცა, რამდენად მოხერხდა ის, რომ პროექტს და კერძო სექტორს არ გადაეკვეთა ერთმანეთის ინტერესები, ამას გურიაში დღემდე შეფერხებული და გაწელილი ინტერნეტიზაციის პროცესი მოწმობს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
როგორც უკვე გითხარით, პროექტს ფონდი “ქართუ” და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სპეციალურად დაფუძნებული “Open Net”-ი, ერთობლივად ახორციელებდნენ.
“მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ _ ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია”, _ ხაზგასმით თქვა მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა.
2017 წლის ბოლოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ “Open Net”-ს გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცა; კომპანიას ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 20 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა და სამუშაოები 126 დასახლებულ პუნქტში 2020 წლის ბოლომდე დაესრულებინა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში ეწერა, დაგეგმილი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით. სამწუხაროდ, შესყიდვა არ გახორციელებულა, რადგან ტენდერი ჩაიშალა.
გამოხდა ხანი და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათელა თურნავამ, ერთ-ერთი გამოსვლისას, 2019 წელს აღიარა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი შეფერხდა და მიზეზად კერძო სექტორის წინააღმდეგობა დაასახელა. როგორც მან თქვა, კერძო სექტორის აზრით, სახელმწიფო სტრატეგია “კონკურენციის რისკებს შეიცავდა”.
ამასობაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოახლოვდა და იანვარში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ახალი სტრატეგია დაამტკიცა და “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” საამური დაპირებანიც ახალი სხივებით გაბრწყინდა! პროექტს, ამჯერად, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული, 40 მილიონ დოლარად ღირებული პროექტი _ Log In Georgia დაემატა და იგი 2025 წელს უნდა დასრულდეს.
2020 წლის აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ პროექტს, მსოფლიო ბანკთან ერთად, კიდევ ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი _ ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა დაემატა. ბანკის მიერ, საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონი ევრო გამოიყო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი მიმართული იყო იმისთვის, რომ დაახლოებით 500 000 ადამიანი ათას სოფელში სწრაფ, საიმედო და ხელმისაწვდომ ინტერნეტს მიიღებდა და ასევე ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
საგულისხმოა, რომ, ბიზნესთან კონკურენციის თავიდან ასაცილებლად, ახალი სტრატეგიის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროგრამა ბიზნესისთვის უინტერესო, მცირეაბონენტიან სოფლებს მოიცავს და “საყოველთაო” არაა.
პირველ ეტაპზე, შესაბამისი კომისიის მიერ, 2020 წლის 9 მარტს, საპილოტე პროექტად შეირჩა ოზურგეთი; საპილოტე პროექტი ითვალისწინებდა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას გურიის რეგიონის, ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში (ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა _ 49, შინამეურნეობა _ 8 516, მოსახლეობის რაოდენობა _ 28 576, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე _ 140 კმ).
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის გასახორციელებლად “Open Net”-მა 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა. პირველ ეტაპზე, 5 კომპანიიდან, ვისაც წინადადება დაეგზავნა, არც ერთი არ გამოხმაურებია; მეორე ეტაპზე, წინადადება 17 კომპანიას დაეგზავნა და საუკეთესო ორიდან შერჩევით, ბაზრის კვლევა 2020 წლის 18 მაისს დასრულდა.
ვინ შეირჩა ამ პროექტის განმახორციელებლად? შპს “პარვუს ჯგუფი” _ კომპანია 2019 წლის 14 მაისს არის რეგისტრირებული. წილის 50 – 50 %-ის მფლობელები სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი არიან. სულხან ზუმბურიძე წლამდე სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” (სსე) მრჩეველთა საბჭოს უცვლელი თავმჯდომარე იყო. მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ იგი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო _ მაგალითად, 2017 წელს, მისი ხელფასი თვეში 28 475 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ზუმბურიძის მმართველობის პერიოდში კომპანიამ 76 მილიონი ლარით იზარალა.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის” მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილიც.
“პარვუს ჯგუფმა” 2019-2021 წლებში რამდენიმე კომპანია დააფუძნა _ “პარვუს ენერჯი”, “პარვუს ჰიდრო”, “პარვუს ქონსთრაქშენი”, “პარვუს ქონსალთინგი”, “პარვუს სელარი”, “პარვუს სერვისი”, “პარვუს ნეტი” და სხვა. ამ უკანასკნელის _ 2020 წლის 28 ივნისს დაფუძნებული ფირმის ხელმძღვანელი ზურაბ ბესელია იყო პირი, რომელიც ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში საზოგადოებას წარუდგა და განაცხადა რომ იწყებოდა უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან ინფორმაციის ეპოქაში, სწრაფი ინტერნეტის გარეშე, შეუძლებელია, წარმატებული და ძლიერი იყოს ადამიანი. მისი თქმით, მალე დადგებოდა დღე, როცა ყველა სოფელში, ნებისმიერ ადამიანს ექნებოდა საშუალება უსწრაფესი ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიოს ყველა კუთხესთან ჰქონოდა წვდომა.
შეხვედრას გურიის მაშინდელი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი _ კონსტანტინე შარაშენიძე და ასევე ყველა სოფლის გამგებელი ესწრებოდა.
ბესელიამ განაცხადა, რომ, პროექტის ფარგლებში მოხდებოდა ისე, რომ გურიის ყველა სოფლის ცენტრში, სკოლებთან მიიყვანდნენ ბოჭკოვან კაბელს, შემდეგ კი, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხრიდან, “Open Net”-ის ქსელის გამოყენებით, მოხდებოდა მოსახლეობის ქსელში ჩართვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალმილიონიან პროექტს საინფორმაციო კამპანია არ ახლდა; ეს არც მთავრობის და სამწუხაროდ, არც საერთაშორისო დონორების მოთხოვნა არ იყო. ამიტომ, როცა “პარვუს ჯგუფმა” მუშაობა დაიწყო, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მოსახლეობის მხრიდან პროტესტიც მოჰყვა. მაგალითად, ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში, 5G ინტერნეტის ჯიხური როცა დაიდგა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პროტესტით შეხვდა.
როგორც მაშინ მოსახლეობის წარმომადგენლებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, ისინი ჯიხურის დადგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.
“არ გვინდა დასხივება და ეს ჯიხური. როგორც ჩუმად დადგეს, ისე აიღონ!” _ ამბობდნენ ისინი. მაშინ “გურია ნიუსს” ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში განუცხადეს,რომ ეს ჯიხური იქ უნებართვოდ არავის დაუდგამს. უბრალოდ, ეს მცდარი ინფორმაციის ბრალია და საშიში არაფერიაო. აქედან კი, ყველა სკოლასთან, ასევე ყველა სოფელში მიიყვანდნენ ცენტრალურ ხაზს. ასეც მოხდა.
როგორც ზურაბ ბესელია აცხადებს, პროგრამის ფარგლებში ქსელის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია და კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ამ პროექტის დასრულება სოფელ ზედა ბახვში საზეიმოდ აღინიშნა და ნათელა თურნავამ პროექტი “ქალაქსა და სოფელს შორის ციფრული თანასწორობის დამკვიდრებად” გამოაცხადა.
მთავარი ამბავი და უკმაყოფილება კი, ოზურგეთის სოფლებში მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფლების ცენტრამდე ამ მთავარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის მიყვანა დასრულდა!
“რად მინდა სოფლის ცენტრამდე მოყვანილი ხაზი, თუკი ისევე უნდა ველოდოთ მას, როგორც სოფლის ცენტრამდე მოყვანილ გაზის მილს შევყურებდით და ექვსი წლის შემდეგ ძლივს ვეღირსეთ?! თუ სოფლის ცენტრამდე მოვიდა, რა უსაშველო სჭირს, რომ არ ხერხდება პროვაიდერებამდე მიყვანა, სოფლის დაქსელვა, ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?” _ გვეუბნებიან ოზურგეთის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები: ლეილა მენაბდე, მზია ღლონტი, ნუგზარ ცხომელიძე, გია მენაბდე და უამრავი სხვა, ვინც დღემდე წუხს გაცრუებული მოლოდინის გამო.
ამ ყველაფერს მოსახლეობის მოტყუებას უწოდებენ, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” შალვა თავდიშვილმა არაერთხელ დასვა ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში და ითხოვდა, დეტალურად გაერკვიათ, რომელ კომპანიას გაჰყავდა გურიის ტეროტორიაზე ინტერნეტი და ეღირსებოდა თუ არა პროექტს დასრულება:
“გურიის ტერიტორიაზე შემოვიდა ინტერნეტის გამყვანი კომპანია. ჯალალედინს არ აუოხრებია ასე საქართველო, როგორც ამათ ჩვენი სოფლები მოაოხრეს _ დახეთქეს გაზის მილები, გადათხარეს ყველაფერი. ამოღებული მიწა დააყარეს ისევ მილებს. გადათხრილია ყველაფერი, მანქანას ვერ გადააყენებ, ორმოში ჩავარდები. ძიმითში არ შეიძლება გავლა, ისეთი ამბავია. ქალაქში არ დადიხართ? რას ჰგავს ქუჩები… ვეუბნები, ვინ არის ხელმძღვანელი-მეთქი. მიმასწავლეს და კაცი მეუბნება, მე ქვეკონტრაქტორი ვარო. მივედი მომდევნოსთან. ის მეუბნება, მე რა ვიცი, ხუთი ქვეკონტრაქტორი მყავს და რომელი გაბრაზებთო. ვინაა ეს ხალხი საიდან მოვიდნენ?!! გვიხაროდა, ძლიერი ინტერნეტი იქნებაო. თუ ინტერნეტი არ გვექნებოდა, რატომ მოვასპობინეთ ეს გზები? ვინაა ეს ხალხი? ბოლოს და ბოლოს, რას აკეთებენ?” _ გაბრაზებული, ხმამაღლა საუბრობდა მაშინ თავდიშვილი.
ის იგივე აზრზეა დღესაც: “რად გვინდა, რომ დაასრულეს შემოყვანა? ესაა დასრულება? რა, დამარხეს ხაზი, დადგეს ყუთები და მორჩა? ხომ გესმით ხალხის უკმაყოფილების ხმა? ხომ უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ, რატომ არ მთავრდება ეს ინტერნეტიზაცია? მილიონები ჩაიდო ამ საქმეში, დაგვეხმარა დონორი ორგანიზაციები. როგორც ვიცი, “პარვუს ჯგუფმა”, რომელიც შემსრულებელი იყო, დაასრულა სამუშაო, მაგრამ ახლა პროვაიდერებთან ვინ მიიყვანს ინტერნეტს?! ხალხს სჭირდება სწრაფი ინტერნეტი, შედარებით შეღავათიანი ფასებით. ასე ხომ იყო დაპირება? ხომ ესწრებოდით თქვენ იმ შეხვედრებს? გაყვანილია და მაინც გამოუყენებელია. კიდევ რამდენ ხანს გვალოდინებენ? ესაა საქმის გაკეთება?” _ სვამს კითხვებს შალვა თავდიშვილი.
“მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთი იყო პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დაიწყო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს მოხდა მთავრობის დადგენილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერით. გაკეთდა და დასრულდა 140 კმ ქსელი”, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
“Open Net”-ის ინფორმაციით, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხრიდან, “Open Net”-ის ქსელის გამოყენებით, უკვე მიმდინარეობს მოსახლეობის ქსელში ჩართვა. ოზურგეთში ორი კომპანია: “ეარნეტი” და “სკაიტელი” ემსახურება მომხმარებელს. თუმცა, დღემდე რატომ არ ხდება ამ შედარებით პატარა კომპანიების მხრიდან პროვაიდერების მიერთება ცენტრალურ ხაზთან, რომელიც სოფლების ცენტრამდე მიყვანილია, კვლავ გაურკვეველია.
მართალია, სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, მოსახლეობა ახერხებს ინტერნეტზე წვდომას, თუმცა ხშირია შეფერხება, ნელი მიწოდება, მაღალი ტარიფი და სწორედ ამიტომ ელოდა თითოეული ოჯახი სწრაფ ინტერნეტს.
“გურია ნიუსი” ესაუბრა კომპანია “ეარნეტის” დირექტორს, შოთა მიქაძეს. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა სოფლების და სკოლების დაქსელვა, ანუ ცენტრალურ ბოჭკოვან კაბელთან მიერთება, გამოიწვია ენერგოკომპანიასთან შეუთანხმებლობამ:
“საქმე იმაშია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება უნდა მოხდეს ელექტროხაზების ბოძებზე, რის უფლებაც არ მოგვცა ენერგოკომპანიამ. უფრო სწორად ძალიან მაღალი ტარიფი მოითხოვა, რის გადახდასაც პროვაიდერები ვერ მოახერხებდნენ. სააბონენტო ნაწილის გაძვირების გამო, ვერ მოვახერხეთ ეს ყველაფერი”, _ გვითხრა მიქაძემ.
კითხვაზე, თუ სცადეს მოლაპარაკება ფასის დაწევის თაობაზე, შოთა მიქაძემ გვითხრა,რომ კომპანია არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა:
“სასიხარულო ის არის, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, რომელიც მომავალი წლის ივნისიდან ამოქმედდება. ტარიფების თვითნებურად შეცვლის ან დადგენის უფლება უკვე არავის ექნება. პროვაიდერები ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან, როცა მოხდება ინტერნეტის მიწოდება”.
კითხვაზე, მაშინ კონკრეტულად ერთ სოფელში, (მაკვანეთში) როგორ მოხერხდა ამ ქსელის შეყვანა, შოთა მიქაძემ გვიპასუხა, რომ მანამდე კომპანია ითხოვდა კაბელის მაგისტრალურ გადასახადს; მერე კი შეცვალა პოზიცია და ამ წლის იანვრიდან მოითხოვა სააბონენტო გადასახადიც.
“ეს არის შედარებით წვრილი ხაზით როცა ხდება სახლში შეყვანა. ასე, რომ ცოტა ლოდინი კიდევ მოგვიწევს და საბოლოოდ, მომავალი წლის ბოლომდე, ეს პრობლემა მოგვარდება”.
ჩვენ ვესაუბრეთ “ენერგო პრო-ჯორჯიას” ოზურგეთის ოფისის მენეჯერს გია ნაკაიძეს. მან აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ აჭარა-გურიის რეგიონში, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, ბექა რომანაძესთან გადაგვამისამართა:
“მე ჯერ შეთანხმებაზე ან შეუთანხმებლობაზე ვერაფერს გეტყვით. ეს გადასაწყვეტია და როცა მეცოდინება, დაზუსტებით, გიპასუხებთ”, _ გვითხრა ბექა რომანაძემ.
საბოლოოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ასე დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ორი წელია დასრულებულად ითვლება, მაინც დაუსრულებელია. და რომ დასრულდეს, თითქმის კიდევ ერთი წელი უნდა ელოდოს მოსახლეობა. ვინ იძლევა გარანტიას, რომ ეს ერთი წელიც ამაო მოლოდინით არ გასრულდება?!
ყოფილი პრემიერის დაპირება კი: “ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა” _ ახლანდელსაც უნდა შევახსენოთ; მით უფრო, დაპირებაზე ხელი არც ერთს არ ეშლება!
ავტორი