ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სულ 5 ათას ხუთას ჰექტრამდე სახნავ-სათესი სავარგული აქვს, რომლის ნახევარზე ცოტა მეტია წელს დათესილი. თუმცა, ეს სტატისტიკა, თუ სოფლების სახნავ-სათეს ფართობებს გადავხედავთ, არადამაჯერებლად მოგვეჩვენება, რადგან არის სოფლები, სადაც სამასამდე კომლი ცხოვრობს და სიმინდი მხოლოდ ოცამდე ოჯახმა თუ დათესა.
კარგ მოსავალს ვადების დაცვა, დროული თესვა, სასუქის თავის დროზე შეტანა განაპირობებს, თუმცა, წლევანდელი ინერტულობის მიზეზი და სოფლების თითქმის დაუთესავად დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები, ხვნა-თესვის პროგრამის შეწყვეტის შედეგია _ ასე ხსნის ამ ფაქტს გურიის მოსახლეობის უმრავლესობა.
გურია ერთ-ერთი მცირემიწიანი რეგიონია. კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კი, როგორც დღეის მდგომარეობიდან ჩანს, შემოდგომაზე, გასული წლის მოსავლის მესამედიც არ ექნება და შესაბამისად, გასაჭირიც მეტი იქნება.
დაბა ნარუჯა ერთ-ერთი პირველია მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, სადაც მოსახლეობას საერთოდ არ აქვს სახნავ-სათესი სავარგული და აქაურები სიმინდს სხვა სოფლებში, კონკრეტულად, მერიაში, ლეკიან-მოლიანის ტერიტორიაზე თესავენ. ძირითადად, მორიგების წესით სარგებლობენ _ ათას კვ.მ ფართობზე, ქირის სახით, ოცდათხუთმეტ ლარს იხდიან და ასე იწევენ სიმინდის მოსავალს.
ნარუჯის მკვიდრი ვალოდია ბერიძე წლევანდელი ჩავარდნილი ხვნა-თესვის სეზონის თაობაზე საუბრობს:
“მთლად ისეც არაა, რომ რაკი ვაუჩერების დარიგება შეწყდა, ხალხმაც ამიტომ სასწრაფოდ შეწყვიტა ხვნა-თესვაზე ფიქრი. გაურკვევლობაც იყო; კარგად ინფორმირებულიც არ გახლდათ მოსახლეობა, რომ ხვნა-თესვის პროგრამა აღარ გაგრძელდებოდა. უმეტესობა ბოლო მომენტამდე ფიქრობდა, რომ კვლავ დაეხმარებოდა მთავრობა. მერე კი, როცა ხვნა-თესვის სეზონის პირისპირ დარჩნენ და პროგრამაც შეწყდა, მომზადებული არავინ იყო. ეს ცუდია და წლევანდელი შემოდგომა ამ მხრივ ნაკლებ შემოსავლიანი იქნება. გასაჭირიც შესაძლოა, მეტი იყოს, თუმცა, ჩვენი ხალხი ძალიან მშრომელია, ამ მაგალითს კარგად გაითვალისწინებს და მომავალში შეძლებს, მომზადებული შეხვდეს ხვნა-თესვის სეზონს. კარგი ის შეიძლება იყოს ამაში, რომ სავარგულების დასვენება მოხდება და სამომავლოდ კარგ მოსავალს მოგვცემს”.
მერაბ ბერაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჭანიეთში:
“წელს ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ას ჰექტრამდე სახნავ-სათესია სოფელში და აქედან, თხუთმეტი ჰექტარიც არ არის მთლად, რაც დაითესა. ძირითადად, ვინც საკუთარი მიწის ნაკვეთი შემოღობა, მხოლოდ მათ დათესეს. ე. წ. “თაღარა”, სადაც სოფლის ყველა ოჯახი თესავდა საკუთარ მიწის ნაკვეთზე სიმინდს, წელს შეუღობავი და დაუთესავია და საქონელი დადის. ეს ჩვენს სოფელში პირველად ხდება ბოლო წლების მანძილზე. შემოდგომა საკმაოდ რთული იქნება. სოფელში ბევრს ჰყავს შინაური ფრინველი, პირუტყვი და საკვები მარცვლეულით თუ ბალახეულით, სოფელი უფრო მეტად ბაზარზე დამოკიდებული გახდება. კი ამბობს ხალხი, რომ ძვირი ჯდება ეს ხვნა-თესვა და ჯობს, ვიყიდოო, მაგრამ მოსავლის დეფიციტი რომ შეიქმნება, ფასიც გაიზრდება და იაფად ვერაფერს იყიდის. რა გასაჭირიც უნდა იყოს, ადამიანმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს, უნდა მოახერხოს და მიწა რომ აქვს, უნდა დათესოს. რატომღაც, ამდენი რთული პირობების გამომვლელ ხალხს, ეს გვავიწყდება. ჩვენს მუნიციპალიტეტში არის სოფლები, მაგალითად, ლაითური და ნარუჯა, სადაც ხალხს სახნავ-სათესი არ აქვს და მიწას იჯარით იღებს ან უბრალო გარიგება ხდება და ქირას იხდიან, რომ ამ მიწაზე მოსავალი მოიწიონ. როცა გაქვს საკუთარი მიწა, რაღაც ხომ უნდა მოახერხო?!” _ გვითხრა ბერაძემ.
სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ვალოდია ურუშაძე გვეუბნება, რომ არ ყოფილა წელიწადი, სიმინდი არ დაეთესოს:
“მთავრობას ვუყურო, როდის მომცემს ვაუჩერს? იყო დრო, არ მაძლევდნენ და ვთესავდი, მაძლევდნენ, მაშინაც ვთესავდი. არ მომცეს და ახლაც ვთესავ. სოფელში რომ ვცხოვრობ, ხელი არ უნდა გავანძრიო? აბა, სულ ვინ რას გაჩუქებს? მე ვიცი, რომ ცოცხალი ადამიანი შრომობს”, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთს სახნავ-სათესი ფართობი უხვად აქვს:
“ას ჰექტარზე მეტი სახნავი სავარგულია ჩვენი სოფლის მცხოვრებთა საკუთრებაში. ზოგმა თხილი გააშენა და სასოფლო-სამეურნეო მიწამ დანიშნულება შეიცვალა, თუმცა, წელს, როგორც ყველგან, ნაკლები ფართობი დაითესა, შარშანდელთან შედარებით. არის სხვა მიზეზიც _ მდინარე სუფსამ სახნავ-სათესი ფართობების საკმაო ნაწილი მიიტაცა და ზოგს უკვე საკუთარი ფართობი აღარ აქვს. ნახევარზე მეტი მაინც დათესილია ჩვენს სოფელში. როგორც ყველა, მეც ვფიქრობ, რომ წლევანდელ შემოდგომა საკმაოდ გაუჭირდება ხალხს, მაგრამ ეს ჭკუის სასწავლებელიც იქნება. ყველას შეუძლია, უმეტესობას მაინც, რომ სათესლე სიმინდი და ყანის დასახნავი ფული გაზაფხულისთვის გადაინახოს. რის ყიდვაც საჭირო არ არის და საკუთარი შრომით შეიძლება რომ მოიწიო, რატომ უნდა იზარმაცო?” _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში სპარტაკ მამულაიშვილი.
დღეისთვის, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ერთი ცალი ჭყინტი სიმინდის ტარო ორმოცდაათი თეთრი ღირს. ზოგან ოთხმოც თეთრსაც აფასებენ. გამყიდველები ამბობენ, რომ სიმინდი წყალტუბოდან და სამტრედიიდან ჩამოიტანეს. ვერსად ნახავთ, გამყიდველმა თქვას, რომ სიმინდის ტარო გურიის ტერიტორიაზე მოტეხა. გასულ წელს, ამ დროს, ერთ ლარად ოთხი-ხუთი ცალი ჭყინტი ტაროს ყიდვა შეიძლებოდა. როგორც ამბობენ, ჭყინტი სიმინდის ფასზე უკვე აისახა წლევანდელი დაუთესავად დარჩენილი ფართობების შედეგი. შემოდგომაზე კი სრული სურათი იქნება.
“ჯერ სად ვართ?! ეს ყველაფერი არის ჩვენი სიზარმაცის ბრალი. ერთი ჩალის ღერი რომ ამოთხარო და მის ნამყოფზე ერთი კაკალი სიმინდი ჩააგდო, ასე მოიწევს დაუზარელი კაცი ყანას და შემოდგომაზე სარჩო გექნება. ახლა ვნახავ, რას დათვლიან შემოდგომაზე. სიმინდის მოსავალს, რომ დათვალო, ათი ან თორმეტდღიანი მუშაობა უნდა ჯამში და შემოდგომაზე წლის სარჩო გექნება. სახელმწიფომ საკმაოდ კარგი გააკეთა, კარგა ხანს მოქმედებდა ეს ხვნა-თესვის პროგრამა. ყველაფერს ნუ მოვთხოვთ სახელმწიფოს, რის გაკეთებაც შენ შეგიძლია, გააკეთე _ სიგარეტს ხომ აფუილებ, თან იძახი, ყანის დასათესი ფული არ მაქვსო, რა მიდგომაა ეს? დღეისთვის, მსოფლიოში მარცვლეული მაღალი ტექნოლოგიებით მოჰყავთ და კარგადაც იღებენ. ჩვენთან ჯერ კიდევ დაბალია ტექნოლოგიები, თუმცა, გაჭირვებამ უნდა გამოგზარდოს. მე თუ ვაკეთებ, სხვამ რატომ არ უნდა გააკეთოს? თუ ოთხი ხელი მაქვს? ერთ მტკაველ მიწას არ ვტოვებ დაუმუშავებელს ჩემს საკარმიდამოში. სადაც ტრაქტორი ვერ მიდის, თოხით და ბარი მოვიმარჯვე და ისე გამოვთესე. არ უნდათ? ეტყობა, აქვთ რაღაც რესურსი. გამდიდრდნენ, ალბათ… თუ არ აქვთ და მაინც არ აკეთებენ, მაშინ გლახურად ცხოვრება სურთ და იყონ გლახურად. მე ფულს არ ვასესხებ ზარმაცს, მიწა რომ აქვს და ხელის განძრევა ეზარება. ფულს მე ოფლის ფასად ვშოულობ და გამრჯესთვის მემეტება, რომ ხელი შევუწყო”, _ ამბობს აგრონომი აკაკი ღლონტი.
“გურია ნიუსი” მეზობელი იმერეთის რეგიონის ბაზარზე სიმინდის მარცვლეულის და ფქვილეულის ფასით დაინტერესდა, საიდანაც იაფად შემოტანის იმედი აქვთ გურულებს: “ხონსა და სამტრედიაში, დღეისთვის, ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი ერთი ლარი და ოცი თეთრი ღირს. ღერღილი _ ოთხმოცი თეთრი, აბაშური ყვითელი და თეთრი სიმინდი, ერთი კილოგრამი ოთხმოცი თეთრი ღირს. რაც შეეხება ჭყინტი სიმინდის ტაროს, ერთ ლარად სამ-ოთხ ცალს იყიდი და უმეტესად გასაყიდად მეზობელ რეგიონებში გააქვთ”, _ გვითხრეს აქ.
ზოგადად, წლევანდელი დაუხნავ-დაუთესავი საყანე ფართობები გურიაში მძიმე სანახავია და მიტოვებული, გავერანებული ადგილების შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც საქართველოს ადრეულ წლებს გვახსენებს და მძიმე ასოციაციას აღძრავს.
“და მაინც, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ სიზარმაცის შედეგს როცა მოიმკის ჩვენი ხალხი და არა იმდენად გასაჭირისას, შესაძლოა, ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს, რას ნიშნავს გამოუყენებელი რეზერვის უქმად მიგდება. ცნობილი ფაქტია, რომ ახლახან ფრანგმა ფერმერებმა ქართული მარცვლეული საფრანგეთში წაიღეს, იქ დათესეს, მოიყვანეს და საუცხოო შედეგი მიიღეს. ეს ბიოპროდუქციისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. ძირითადად, ეს ხორბალს შეეხებოდა, მაგრამ ხარისხით არც ჩვენი სიმინდის მარცვლოვანი ჯიშები ჩამორჩება, რომლის მიმართ უკვე ბევრი იჩენს ინტერესს”, _ ამბობს საუბრის დასასრულს აკაკი ღლონტი.