მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური 1966 წელს ინგლისში გამართული მუნდიალი იყო, უამრავი საეჭვო და საკამათო მომენტით და მსაჯთა გადაწყვეტილებებით. ფინალურ მატჩამდე, რომლის ირგვლივ კამათი დღესაც გრძელდება, რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში გაიმართა, ჩემპიონი კი ინგლისის ნაკრები გახდა.
ჩრდილოეთ კორეის ეროვნული საფეხბურთი ნაკრების შესახებ ადამიანთა მცირე ჯგუფს თუ ექნებოდა გაგონილი. კორეელები იმ ფაქტითაც ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შანსი რომ მიეცათ.
თავიდან მათ სერიოზულად არავინ აღიქვამდა, რაც პირველმა მატჩმაც დაადასტურა _ საბჭოთა კავშირმა 3:0 დაამარცხა აზიელები, თუმცა, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა _ მეორე მატჩში 88 წუთზე ჩილესთან გატანილი გოლით კორეელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს, მით უმეტეს საბჭოთა ნაკრებმა იტალიაც დაამარცხა. კორელებმაც შანსი იდეალურად გამოიყენეს _ ქალაქ მიდლსბროში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იტალია დაამარცხეს და ჯგუფიდან გავიდნენ.
მეოთხედფინალში მათ პორტუგალია ელოდათ. კორეელებმა, თავიანთი მებრძოლი ხასიათით, მაყურებლის სიმპათია კი დაიმსახურეს, მაგრამ მაინც ყველა პორტუგალიას მიიჩნევდა ფავორიტად _ პირინეელებმა მიყოლებით უნგრეთის, ბულგარეთის და ბრაზილიის ნაკრებები დაამარცხეს. ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდნენ, ლეგენდარული ეუსებიო ხომ სასწაულებს აკეთებდა მინდორზე.
თუმცა, ლივერპულში გამართული მატჩის პირველმა 25-მა წუთმა სრულიად თავდაყირა დააყენა ყველაფერი _ 51 000-მა მაყურებელმა მიყოლებით 3 კორეული გოლი იხილა. პირველივე წუთზე პაკ სინ ჯინმა გახსნა ანგარიში, 22-ზე ლი დონ უნმა ორამდე გაზარდა უპირატესობა, 25 წუთზე კი გოლი იან სინ გუკმა გაიტანა და ჩრდილოეთ კორეა 3:0 დაწინაურდა. მატჩის ასეთი დასაწყისი ყველასთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
თუმცა, ამ 25 წუთის შემდეგ მატჩს მხოლოდ ერთი მთავარი გმირი ყავდა _ შეუდარებელი და განუმეორებელი ეუსებიო. მისი პოკერის (27, 43(პენ.) 56, 59 (პენ.)) და ჟოზე აუგუშტუს მე-80 წუთზე გატანილი გოლებით პორტუგალიამ 5:3 მოიგო. თუმცა, აღსანიშნავია ებრაელი მთავარი მსაჯის, მენახემ აშკენაზის საკმაოდ ბევრი შეცდომა პორტუგალიელთა სასარგებლოდ.
ჩრდილო კორეელების თავდადებამ სასიამოვნოდ განაცვიფრა ფეხბურთის მოყვარულები.
ამ ჩემპიონატზე ეს არ იყო ბოლო მატჩი, სადაც მსაჯები რომელიმე ნაკრების სასარგებლოდ ცდებოდნენ.
ამ ჩემპიონატზე ეს არ იყო ბოლო მატჩი, სადაც მსაჯები რომელიმე ნაკრების სასარგებლოდ ცდებოდნენ.
დაძაბული და დრამატული გამოდგა ფინალური მატჩიც _ მოწინააღმდეგეებმა ნახევარ- ფინალებში ერთნაირი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქეები. ჩემპიონატის მასპინძელმა, ინგლისის ეროვნული ნაკრებმა ეუსებიო და კამპანია 2:1 დაამარცხა, ბობი ჩარლტონის დუბლით, გერმანელებმა საბჭოთა კავშირს სძლიეს, გოლები ჰალერმა და ბეკენბაუერმა გაიტანეს (ნიკოლაი მოროზოვს 4 ქართველი ჰყავდა ნაკრებში გამოძახებული: მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი)
ფინალი 30 ივლისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა. მატჩს 98 000 მაყურებელი დაესწრო. ინგლისელებმა არატრადიციული სქემით ითამაშეს (4-1-2-1-2) _ ფლანგებზე შემტევი მოთამაშეების ნაცვლად ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე გააკეთეს აქცენტი. თუმცა, თავიდანვე თამაშის დალაგება ვერ მოახერხეს და მე-12 წუთზე ანგარიში გერმანელთა ბომბარდირმა ჰელმუტ ჰალერმა გახსნა.
ინგლისელებმა მალევე გაათანაბრეს _ მე-18 წუთზე ჯეფ ჰერსტმა გაიტანა. მეორე ტაიმში უფრო კუნძულელები აქტიურობდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და 78-ე წუთზე მარტინ პიტერსმა გაიტანა. თუმცა, ეს დასასრული არ იყო _ ბოლო წუთზე ჯარიმა დაინიშნა ინგლისელთა კარში, რომელიც ლოთარ ემერიჰმა შეასრულა, ბურთი რიკოშეტით ვოლფგანგ ვებერს მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა (თუმცა, ინგლისელთა აზრით, ვებერს ბურთი თანაგუნდელი შნელინგერის ხელთან კონტაქტის შემდეგ მიუვიდა).
დაინიშნა დამატებითი დრო. 101-ე წუთზე, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა _ ჯეფრი ჰერსტის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზზე (ან უფრო ცოტა წინ) მინდორზე დაეცა.
მატჩის შვეიცარიელმა არბიტრმა გოტფრიდ დინსტმა გადაწყვეტილება მარტომ ვერ მიიღო და კონსულტაცია ლაინსმენთან გაიარა _ აზერბაიზანელმა ტოფიკ ბახრამოვმა გოლის ჩათვლა უყოყმანოდ ურჩია. ასე გახდა ანგარიში 3:2. ბოლო წუთზე კი, მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჰერსტი ერთი ერთზე გავიდა მეკარესთან და ჰეთთრიკი შეასრულა. (თუმცა მატჩის შემდეგ აღიარა, ბურთის, რაც შეიძლება შორს გადაგდება და დროის გაყვანა უნდოდა, ამის მაგივრად კი ეფექტური გოლი გამოუვიდა).
დღესაც კი გაყოფილია აზრი მესამე გოლთან დაკავშირებით _ უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ბახრამოვმა მემუარებში აღიარა, რომ ბურთის მიწაზე დაცემის მომენტი ვერ დააფიქსირა, ეგონა, ბურთი ბადემ გამოაგდო და არა ხარიხამ.
ეს ფინალი იქცა ყველაზე პოპულარულ მოვლენად ბრიტანული ტელევიზიისთვის _ 2009 წლის ჩათვლით მატჩის რეპორტაჟი 32,5 მილიონმა ადამიანმა იხილა. ეს იყო უდიდესი ზეიმი ქვეყნისთვის, სადაც “დაიბადა” ფეხბურთი.