ლანჩხუთში, ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან გასხვისებული მიწის ნაკვეთი ორ სუბიექტს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. ამ საკითხზე, წლებია, ორ მესაკუთრეს შორის დავა მიმდინარეობს, რომლის დარეგულირება ვერც ქართულმა სასამართლომ, ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც სანათესაო–სამეზობლომ ვერ მოახერხა.
საქმე ისაა, რომ ქალაქის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან, გაიყიდა მიწის ნაკვეთი, რაც სამკვდრო-სასიცოცხლო ომის მიზეზად იქცა. სიტუაციამ კულმინაციას კი მაშინ მიაღწია, როცა მიწის მესაკუთრემ იქ ტექნიკა შეიყვანა და იქაურობა გადათხარა.
წლების წინ ეს ნაკვეთი ბიზნესმენმა ავთანდილ წილოსანმა ბიზნესპროექტად იყიდა. ამბობდა, რომ ინვესტორიც ჰყავდა, თუმცა, გეგმები მეზობლებმა ჩაუშალეს _ დებმა ვადაჭკორიებმა, რომელთაც ამ ფართის მომიჯნავედ ჰიგიენის სახლი აქვთ, სასამართლოში იჩივლეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ ახალმა მეპატრონემ სახლამდე მისასვლელი გზა დაუტოვოს და შეწყვიტოს მათი ჭიშკრისა და საპირფარეშოს შესასვლელის ამოქოლვა სამშენებლო ნაგვით. მაშინ პირველი ინსტანცია ვადაჭკორიებმა მოიგეს _ ოზურგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ წილოსანს ჰქონდა თმენის ვალდებულება და საკუთარი მიწით ისე უნდა ესარგებლა, რომ მეზობლების ჭიშკარი არ ჩაკეტილიყო და ჰიგიენური ბიზნესი არ დაზარალებულიყო. თავის მხრივ, წილოსანმა აპელაცია ქუთაისში შეიტანა. აქ საპირფარეშოს მფლობელებმა საქმე წააგეს.
ვადაჭკორიები წილოსანს მათი მცირე ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ: “ერთადერთი ჰიგიენის სახლი ქალაქში ესაა, წილოსანი კი გვეუბნება, რომ უნდა დახუროთ და მე კიდევ უნდა გავძლიერდეო! მისი თავხედობა ყოველგვარ ზღვარს ცდება _ არ აქვს არც მშენებლობის ნებართვა და ამ ნებართვას, თუ ეს ქვეყანა მთლად ჩალით არ არის დახურული, ვერც მიიღებს. ჯინაზე აკეთებს ამ ყველაფერს იმის გამო, რომ გავბედეთ და მის ფულსა და მეგობარ მოსამართლეს დავუპირისპირდით.
ოზურგეთის სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ავთო წილოსანს ჰქონდა თმების ვალდებულება და ჩვენი საკუთარ ეზოში ჩასვლა არ უნდა შეეფერხებინა. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მას შევთავაზეთ, ოღონდ ჩვენს ბიზნესს ნუ შეეხება და სანაცვლოდ, უფრო მეტ მიწის ნაკვეთს მივცემდით ჩვენი ეზოს სიღრმეში. არაო, მე ყანის მეტი რა მაქვს, ეს მიწა იმიტომ ვიყიდე, რომ გზიდან ჩანდესო. კარგად ხედავთ, უნივერმაღი ეფარება არ ტერიტორიას და გზიდან მაინც ვერ გამოჩნდება. ან მისი მიწის მომიჯნავე მიწა ყანაა? ფული აქვს და გასდის, მაგრამ არ გაუვა და ბოლომდე შევებრძოლებით”, _ ამბობენ ვადაჭკორიები.
ვადაჭკორიები, რომელთაც წილოსანის წინააღმდეგ სასამართლოში მხოლოდ პირველი ინსტანცია მოიგეს, ამბობენ, რომ მათი შემდგომი მარცხი სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მოსამართლესთან ახლობლობას უკავშირდება:
“უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციოს განაჩენი და ჩვენ აბანოს კარ-ფანჯრების ამოშენება დაგვევალა… ეს გაკეთდა მოსამართლე სიმონ ჩხაიძის დამსახურებით. ბევრს კი ეცადნენ, თავად მოსამართლე და ავთო წილოსანი ურთიერთკავშირი გამოერიცხათ, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერმა ისინი ამხილა _ სიმონ ჩხაიძის ოჯახის წევრის სახელზეა მიწა, რომელიც ავთო წილოსანის სახლის სიახლოვეს მდებარეობს. თან მოსამართლის მამიდის მეუღლე ავთო წილოსანის ნათლია იყო. თურმე, “არ იცნობენ” ერთმანეთს! მოსამართლე ჩხაიძე არა მხოლოდ სააპელაციოში, უზენაეს სასამართლოშიც ეპატრონა “უცნობ” მეზობელს და ახლობელს.
ეზოში, სადაც 100 წელია ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ და ახლა მე ვცხოვრობ, საკუთარი ავტომობილის ჩაყვანა არ შემიძლია! არაფერს ვამბობ აბანოზე. კი, ბატონო, ჩემი ბიზნესი რა მოსატანია ფულიანი წილოსანის ბიზნესინტერესთან, მაგრამ ეზოში არ შევიდე? სასწრაფო ან სახანძრო რომ გახდეს საჭირო, რა უნდა ვქნა?! თვეებია, მანქანა ეზოში არ ჩამიყვანია”, _ ამბობენ ვადაჭკორიები, რომელთა ეზოს სხვა მხრიდანაც აქვს შესასვლელი, თუმცა, მათი თქმით, ,”საფეხმავლო ხიდია, სადაც წყალი ხშირად დიდდება. სამანქანო გზა იქიდან გაიკეთოსო, ბრძანებს წილოსანი. არადა, ჯერ ერთი, გზა სხვის საკუთრებაშია და ჩემიც რომ იყოს, დამიანგარიშეს და 80 ათასი ლარი ჯდება ასეთი ხიდის გაკეთება!”
ვადაჭკორიები ფიქრობენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ, შესაძლებლობის ფარგლებში, ორივე მხარე წავა გარკვეულ დათმობებზე: “წილოსანს მოლაპარაკება ჰგონია ის, რაც სურს, იმაზე უნდა დავთანხმდეთ და არა ის, რომ ორივე მხარე, შეძლებისდაგვარად, კომპრომისზე წავიდეს. ჯერჯერობით, თავისი ფულით და ნაცნობებით გადის ფონს, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ შეიძლება, დღეს მე მომიგოს, მაგრამ ვერ მოუგებს საზოგადოებრივ აზრს. ვერ გაამართლებს იმ ვანდალიზმს, რასაც ჩადის! კარგი, ვთქვათ, ეს მიწა მისია და რომ არ გავეკიდოთ, რომ იგი თავიდან გაყალბებული ხელმოწერებით გაიცა, მერე მან ჩალის ფასად მიიღო. ვსვამ კითხვას _ რატომ დაანგრია ჩემი აბანოს მიმდებარედ არსებული მოპირკეთება? მისი გაყალბებული საბუთებითაც აბანოდან 1,5 მეტრზეც არაა მისი საკუთრება და რატომ დაანგრია? ეს არაა საკუთრების უფლების დარღვევა? თუ გასდის და აკეთებს?”
ვადაჭკორიების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებებს მცირე ბიზნესის შევიწროებაში დადანაშაულებულმა ავთანდილ წილოსანმა პრესკონფერენციით უპასუხა და ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი ყოფილი უნივერმაღის შენობის უკან. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილება და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა და ვადაჭკორიების ობიექტის (ჰიგიენის სახლი) არსებული მდგომარეობით ფუნქციონირება ეწინააღმდეგება წილოსანების საკუთრების უფლებას:
“მე ხელთ მაქვს ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ვადაჭკორიებს, ამ მხარეს, რომელზეც ახლა დავა მიმდინარეობს, საერთოდ არ ჰქონდათ არც ეს ჭიშკარი და არც შესასვლელი _ აქ იყო კერძო პირების საწყობები. როცა უკვე ტერიტორიის შეძენა გადავწყვიტე, მივედი და ვუთხარი ოჯახის დიასახლისს, ნუნუ ვადაჭკორიას, ვყიდულობ და თუ რამე პრეტენზია გაქვთ, გამყიდველს დაელაპარაკე; თუ თანხა გინდა, დაგეხმარები, რომ იდავო, თუ შენი საკუთრებაა და ირღვევა შენი უფლება, ოღონდ გამირკვიე, რას ვყიდულობ,-მეთქი. არ მოინდომა ამის გარკვევა, მეტიც, შევამჩნიე, რომ პირიქით, გახარებული იყო, რომ ვყიდულობდი. მითხრა, რომ ჩვენ მოვილაპარაკებდით.
ჩემი შეთავაზება იყო რამდენიმე _ მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრისთვის წინა ხედი აუცილებელია. შევთავაზე ისეთი ვარიანტები, არც თავად იზარალებდა და არც მე. პირველი _ ელექტროჯიხურის გვერდზე დავუტოვებდი 3,5 მეტრს ჩემი ნაკვეთიდან, საიდანაც მანქანასაც შეიყვანდა და აბანოსკენ მიმავალ 1 მეტრი სიგანის გზას მთელ სიგრძეზე. მისი სურვილი იყო, ეს გზა დამეტოვებინა ნაკვეთის შუაში, ანუ ჩემი ფართი შუაზე გაიჭრებოდა და უვარგისი გახდებოდა. შემდეგ შევთავაზე, ავაშენებდი ობიექტს და ერთი თავი პროდუქტის (მაგალითად, კანფეტი ან შაქარი და ა. შ.) გასაყიდი ადგილი მისი ყოფილიყო. მესამე ვარიანტი მქონდა _ წინა მხარეს, სავაჭრო ცენტრის გვერდზე ავუშენებდი აბანოს ჩემი ხარჯით, ოღონდ შენობა ჩემი საკუთრება იქნებოდა და 15 წელი მივცემდი სარგებლობის უფლებას. ყველა ამ ვარიანტზე უარი თქვა.
ჩემს შეთავაზებას და ვადაჭკორიების უარს ადასტურებს სასამართლოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება, რომელიც ხელთ მაქვს. მეტიც, 3,5 მეტრის 5 მეტრამდე გაზრდასაც არ დათანხმდნენ.
რატომ ამბობენ, რომ მე მათი ბიზნესის დანგრევა მინდა?! პირიქით, მე ვთმობდი ჩემი საკუთარი ნაკვეთიდან გარკვეულ ფართს, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი ისე, რომ დარჩენილი ნაკვეთი უვარგისი გამხდარიყო. თავადაც ხომ უნდა წამოსულიყო რაღაც დათმობაზე? რა უშავდებოდა ჰიგიენის სახლს, თუ ჩემი ობიექტის გვერდიდან ექნებოდა შესასვლელი?!” _ამბობს ავთანდილ წილოსანი, რომელიც არ უარყოფს, რომ მოსამართლის მამიდა მისი მეუღლის ნათლიაა, თუმცა, ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს:
“მოსამართლეს საერთოდ არ ვიცნობ. ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც იმავეს ამბობს, რომ ილახება ჩემი საკუთრების უფლება.
ახლა უკვე ჩვენი შეთავაზებები ძალაში აღარაა… არ მოდის ეს ხალხი მოლაპარაკებაზე და რა ვქნათ?! ჩვენ აღარაფერს შევთავაზებთ. თუ თავად ექნებათ რეალური შემოთავაზება და არა ის, რომ მე უნდა დავზარალდე, რა ვიცი, ვნახოთ”, _ დასძენს ავთანდილ წილოსანი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეს დავა დასრულებულიყო და ვადაჭკორიები არ დაზარალებულიყვნენ, მათი კუთვნილი მთლიანი ეზოს შეძენის საკითხიც განიხილებოდა:
“ჩვენთვის საჭიროებას არ წარმოადგენს ის ნაკვეთი, მაგრამ ეს დავა რომ დასრულებულიყო და არც მათი დაზარალება გვინდა, ამაზეც მივდიოდით, თუმცა, შემოთავაზებული ფასი _ 20 ათასი დოლარი ძალიან შეუსაბამოა.
ვადაჭკორიები იმასაც ამბობენ, რომ მეორე მხრიდან მარტო ხიდის გაკეთება 80 ათასი ლარი დაუჯდებათ… ეს არარეალური თანხაა, მარტო პროექტში 2 400 ლარი მოგვთხოვესო. სასამართლოზე ვერ დაადასტურებს ამ თანხის რეალურობა! ჩვენ 250 ლარად გავაკეთებინეთ პროექტი და ხიდი დაჯდება 5-7 ათასი ლარი! თქვეს, არ გვინდა მაგათი გაკეთებული ხიდიო და რა გავაკეთოთ?!” _ ამბობს წილოსანი.