რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მესმის საუბარი და სჯა-ბაასი გურულების ანტირელიგიურობაზე, მათ მიერ ეკლესია-მონასტრების ნგრევასა და წაბილწვაზე. ამას მოყვება საქართველოს გასაბჭოებაში გურულების ბრალი – ამ დროს კი გურულების ლამის 90% მენშევიკი იყო და მთავარი კოზირი ე.წ. მბრალდებელი პროკურორებისა, ჩემი მოგვარე ფილიპე მახარაძეა (რომელიც ჩვენში დარჩეს და საქართველოში გასაბჭოების ექვსი თვის შემდეგ ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ კი უკლონიზმში იყო ბრალდებული, თუმცა მე არ ვაპირებ მის გამართლებას). მსგავს დაუსაბუთებელ ბრალდებებს მითქმა-მოთქმისა და ჭორებს აყოლილი ბევრი უწიგნური ქართველი იზიარებს (გადახედეთ სოციალურ ქსელებს) და რა გასაკვირია, რომ ამდაგვარ მცდარ აზრს იზიარებს ბევრი უცხოელიც.
ამ დროს კი გურიაში არაფერი ისეთი არ მომხდარა, რასაც ადგილი არ ჰქონია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში: ჯერ ცარისტულ და შემდეგ გასაბჭოებულ საქართველოში უამრავი ქართული ეკლესია იბილწებოდა, ინგრეოდა და თუ გურიაში ამის უფრო მეტი შემთხვევა იყო, რისი სტატისტიკა მე არ მინახავს (თუ ვინმეს მოგეპოვებათ გვიჩვენეთ ბატონო, რათა გურულთა ანტიქრისატიანობაში ყველა დარწმუნდეს, მარა ამდაგვარი არ არსებობს). ჩემი აზრით, ეს იმის შედეგია, რომ მეფის რუსეთსა და შემდეგ ბოლშევიკებს ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი წინააღმდეგობა სწორედ გურულებმა გაუწიეს (გაიხსენეთ გურიის აჯანყებები, განსაკუთრებით 1841 წლისა, გურიის რესპუბლიკა და 1924 წლის აჯანყება, სადაც გურულები ყველაზე მეტ ხანს ებრძოდნენ რუსებს. აქვე დავძენ – მე მხედველობაში მაქვს ცალკე აღებული მხარე და არა სამხედრო შენაერთები და დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ), ამიტომაც რუსები, განსაკუთრებით კი ბოლშევიკები, სასტიკად იძიებდნენ შურს გურულებზე, რაც გამოიხატებოდა სწორედ ეკლესია-მონასტრების ნგრევაში. მე არ ვამტკიცებ, რომ გურულები ფრთაშესხმული ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გურულებს დააბრალო და თავზე გადაატეხო!
დაახლოებით იგივე ხდებოდა ფირალებთან დაკავშირებითაც: XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბევრი, მათ შორის განათლებული ქართველიც თვლიდა, რომ ფირალობა ეს იყო გურული გლეხის დამახასიათებელი და თანდაყოლილი თვისება. რუსი მოხელეები კი საკუთარ პატაკებში სიტყვა “გურულს” ყაჩაღს (რაზბოინიკ) უთანაბრებდნენ. თედო სახოკია წერდა: “…გურიას ერთ ხანს მეტად ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ზოგნი, ვინც არ იცნობდნენ აქაურობას, ამბობდნენ: ბუნებაა ისეთი, ყაჩაღობა აქაურების დაბადებითვე თანდაყოლილი თვისებააო. გურული თუ არ ძარცვავს, თუ ვისმე ყელში არ უჭერს და არ ახრჩობს, ისე გული ვერ მოუსვენებსო.
ყოველივე ამ ვითომ თანდაყოლილ თვისებით უნდა აეხსნათ, კერძო ფაქტი უეჭველად უნდა განეზოგადებინათ: ერთს რომ რამე სიწუწკე ჩაედინა, უეჭველად ბუკითა და ნაღარით დუნიასთვის უნდა შეეტყობინებინათ: შეხეთ გურულებს, ქვეყანას ძილს უფრთხობენ, მათზე ახი იქნება, სულ ავყრიდეთ აქედანო. კმაროდა, გურულს მარცხად, სრულებით უნებლიედ, რაიმე კანონის საწინააღმდეგო დამართნოდა, მაშინვე ფეხზე დადგებოდნენ ყველანი: არიქა, შეთოკეთ, გაწკეპლეთ, ჩააგდეთ ბნელეთში, მზის სანთელს დაანატრეთ, ეგზეკუცია ჩაუყენეთ ოჯახშიო. არც კი დააცლიდნენ ბოდიში მოეხადა დამნაშავეს. ისე გააბოროტებდნენ ლანძღვით, ისე თვალის დახამხამებაში შელახავდნენ მის თავმოყვარეობას, მის წმიდათა-წმიდას, რომ კაცი იძულებული ხდებოდა ფირალად გავარდნილიყო, ე. ი. ისეთ კაცად იქცეოდა, რომლისთვისაც არ არსებობდა, როგორც ფრანგები ამბობენ, ni foi, ni loi (არც რჯული არც კანონი), გურული ფირალი უკანასკნელი სისტემის თოფს იყიდდა, პატრონებით დაიტვირთებოდა და გავარდებოდა. საგანი გავარდნისა ორი ჰქონდა: ერთი _ შური ეძია შეურაცხმყოფელთა, და მეორეც _ თავი დაეფარა მდევნელთაგან…” ასეა ბატონო, ჩემი თუ არ გჯერათ, ამ დიდი ქართველებს მაინც დაუჯერეთ…
სინამდვილეში გურულები გლეხები მორწმუნენი იყვნენ, რომლებიც ხატზე იფიცებოდნენ. ,,გურულს ,,მონათლულობით,” ე. ი. ქრისტიანობით თავი მოსწონდაო,” აღნიშნავდა ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე (წაიკითხეთ ,,ეთნოგრაფიული გურია” და ასევე სხვა ტექსტები და დარწმუნდებით, იყვნენ თუ არა გურულები მორწმუნენი და რომ დღეს XXI საუკუნეში ამის შესახებ მჭირდება ახსნა-განმარტების წერა, მგონია რომ ნაღდი სიბრიყვეა და რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უმეცრებისა და გაუნათლებლობის ჭაობშია ჩაფლული. აბა, სხვანაირად რომ იყოს საქმე, ამ ფსევდო ქრისტიანულ-პატრიოტულ- ქართველურ მარშებს ვინმე მოაწყობდა?).
რუსი ჩინოვნიკები XX საუკუნის დასაწყისში წერდნენ, რომ ,,…გურულებში ცოტაა მორწმუნე ხალხი. გურულებს სარწმუნოება არ სწამთ…
“ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მარქსისტ პროპაგანდისტებად ქცეული გურიის საზღვრებს გარეთ მომუშავე გლეხები, რომლებიც პროკლამაციებს და სხვა არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდნენ და ეწეოდნენ პოლიტიკურ მუშაობას. პროპაგანდისტებს გურულები “მქადაგებლებს” ეძახდნენ. ეს უკანასკნელნი რელიგიას, როგორც წესი არ ეხებოდნენ, პირიქით “სოციალიზმს ქრისტეს მოძღვრებითაც ამართლებდნენ და ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ხუცებმა გადაამახინჯეს ქრისტიანიზმი _ რომელიც უარყოფს რელიგიის მსახურთა მიერ სასყიდლის მიღებას და სხვა”, წერდა თენგიზ ჟღენტი. ეს სიმართლეს შეეფერება – წლების შემდეგ, გურულების ანტირელიგიურობის თაობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამს გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი კლარა ცეტკინი, რომელმაც 1924 წლის აჯანყების შემდეგ საქართველოში იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებები აღწერა წიგნში ,,Кавказ в огне”, ის გურიაში ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ანტისაეკლესიო პოლიტიკას ასახელებს.
ან ავიღოთ ლომისკარელის ხატის ამბავი: როცა XX საუკუნის დასაწყისში მთავრობამ რომ ვერაფრით ვერ ათქმევინა ხალხს ვინ იყვნენ ჯანყის მოთავენი, მან ხერხს მიმართა – გურულებში სათაყვანებელი სურების ეკლესიაში დასვენებული ,,ლომისკარელის” ხატი მოასვენა და ხალხი დააფიცა. ხალხი ხატის წინაშე ტყუილის თქმას ვერ ბედავდა – ,,ლომისკარელი” აგაყვირებსო. იყო შემთხვევა, როცა ვიღაცამ ერთ სოფელში კაცი მოკლა და მიიმალა. მკვლელის ვინაობა რომ დაედგინათ მოკლულის ოჯახის წევრებმა ,,ლომისკარელის” ხატი გადმოაბრძანეს სურებიდან სოფელში. როდესაც ხატი სოფლის სიახლოვეს ჩამოუბრძანებიათ, მკვლელი დაჩოქილა და ყვირილი დაუწყია: ვაღიარებ, რომ მე, მოვკალი! ოღონდ, გთხოვთ ხატი სოფელში არ შემოაბრძანოთო!
სწორედ ამ ხატის წყალობით მთავრობამ შეძლო მრავალი ადამიანის შეპყრობა და დაპატიმრება (დაპატიმრებულთა შორის იყო ცნობილი ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი). ამის გამო გურულმა კომიტეტმა თვალში ამოიღო ,,ლომისკარელის” ხატი და მისი მოპარვა და განადგურება ბრძანა. ამ საქმის მოსაწყობად ტერორისტები გაიგზავნენ, მაგრამ მათში იმდენად ძლიერი იყო ხატის შიში და თაყვანისცემა, რომ მოპარვის მაგიერ სანთლები დაუნთეს, პირჯვარიც გადაიწერეს და ხელცარიელი დაბრუნდნენ. საბოლოოდ ,,ბათუმის კომიტეტმა, დათას (ქადეიშვილს), ელისო კუტალაშვილს და დომენტი მესხიშვილის დაავალა… მოეტაცა ხატი…
„დავალებაზე წავედით და დავალება შევასრულეთ”, _ იხსენებდა სიმონ ქადეიშვილი.
ერთი ცნობით, როცა მოძალადეებმა ,,ლომისკარელის” ხატი ჩოხატაურში წაასვენეს, ის რევოლვერით დაცხრილა თენგიზ ჟღენტმა, რომელმაც 1937 წელს, ბერიასთან მძიმე საუბრის შემდეგ, ამავე რევოლვერით თავი მოიკლა. კაი დღე არც ხატის ქურდებსაც დაადგათ – თითქმის ყველამ ძალადობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.
კიდევ ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეისთვის ამას დავჯერდეთ.
ირაკლი მახარაძე
გამოყენებულია ირაკლი თოიძის ნახატები.