ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვან-ზომლეთში, ხანძარმა პატარავების საცხოვრებელი სახლი, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მთლიანად გაანადგურა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პატარა პატარავების ფოტომ, ქსელის მომხმარებლები შეძრა.
საზოგადოება თანხმდება, რომ ეს ის მომენტია, როდესაც სოციალურ ქსელში „ლაიქების და გულების წერით საქმე არ გაკეთდება და მოქმედებაა საჭირო“.
ხალხმა ერთმანეთის გულისხმიერების იმედით, პატარების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.
„რა საყვარელი და სასაცილო ბიჭები არიან-მეთქი, _ გავიფიქრე, ეს ფოტო რომ დავინახე, თუმცა, ახლა ამ ორი პატარის გულში თურმე დიდი დარდია, გუშინ სახლი დაეწვათ და მხოლოდ ამ ტანისამოსის და ჩუსტების ამარად დარჩნილან! რა ვიცი, ისევ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ, ჩოხატაურში, სოფელ ვან-ზომლეთში გიორგი და საბა პატარავებს იქნებ ახალი წელი სიხარულით გავუთენოთ!!!
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ანგარიშზე: GE14LB0711130627699000 ან პირადი ნომრით 46001010177“,_ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
იმის გასარკვევად, თუ რით დაეხმარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროდ დარჩენილ პატარავების ოჯახს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.
როგორც ირაკლი კუჭავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, პატარავების ოჯახი გაზაფხულამდე ქირით იცხოვრებს, რის თანხასაც მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს, გაზაფხულზე კი დაზარალებულებს სამშენებლო მასალას ან სამშენებლო მასალის შესაძენად თანხას გადასცემენ და აღნიშნავს, რომ მერიას არ აქვს პატარავების ოჯახისთვის სახლის მთლიანად აშენების საშუალება.
„შევხვდით და ვესაუბრეთ ოჯახის წარმომადგენელს. პატარავები ამ დროისთვის ქირით ცხოვრობენ, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გადაიხდის. პირველადი ნივთების შესაძენად მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. მუნიციპალიტეტს გააჩნია შემდეგი მუხლი ბიუჯეტში, სოციალური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების შესახებ. პატარავების ოჯახს საცხოვრებელ სახლს მთლიანად ვერ ავუშენებთ. მესმის, რომ ოჯახს აქვს სერიოზული პრობლემა, მაგრამ არსებობს ოჯახები, რომლებსაც, ასევე, ესაჭიროება სარეზერვო ფონდიდან დახმარება. შესაბამისად, დავეხმარებით ისე, როგორც სხვა ოჯახებს მსგავს შემთხვევებში ვეხმარებით.
გაზაფხულზე მივცემთ ფინანსურ დახმარებას სამშენებლო მასალების შესაძენად, ეს შეიძლება იყოს 3 000, 4 000 ან 5 000 ლარი, რითაც ოჯახი გადაწყვეტს, რა მასალა შეიძინოს ან ჩვენ შევიძენთ ამ მასალებს ოჯახთან შეთანხმებით და გადავცემთ. ასე ვიქცეოდით და ასე ვიქცევით მთელი ამ წლების განმავლობაში.
არსებობს სოციალური სოლიდარობის მცნება და მათ შორის, ადამიანები, კომპანიები. ვცდილობთ ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა და ასეთი თანამშრომლობის არაერთი პრაქტიკა გვქონია. სხვა მხრივ, მუნიციპალიტეტი სახლს ვერ ააშენებს მთლიანად“,_ ამბობს კუჭავა.
კითხვაზე _ რადგან მერია ვერ ახერხებს ოჯახისთვის სახლის მთლიანად აშენებას, როგორ უნდა შეძლოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სახლის ასაშენებელი სახსრების მოძიება _ კუჭავა ამბობს, რომ პასუხი უკვე გაგვცა.
„რა გიპასუხოთ მეტი? გითხარით მერია რასაც შეძლებს და გავიმეორო ის, რაც გითხარით?“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა.