დავიოკოთ ვნებები და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, _ ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.
ხაზარაძის თქმით, ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავის წიაღში არსებული მოვლენები.
,,ყველა ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს და ცდილობს პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ – ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გეოპოლიტიკური თამაში, ბანალური ანგარება ეკლესიის შიგნით თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა მისი დაპატრონების მიზნით, შესაძლოა შემოუბრუნდეს მთელს ქვეყანას და მის მომავალს.
დავიოკოთ ვნებები და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება თუ გადაგვარჩენს. ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავის წიაღში არსებული მოვლენები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ილია მეორეს, მას სიმხნევესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.