საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის იყრის კენჭს. წიკლაურის კანდიდატურას საბჭოში ასარჩევად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება.
ჯანდაცვის კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე წიკლაურმა საინვესტიციო საბჭოს მოვალეობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საპენსიო ფონდში თანხის აკუმულირება მაღალი ალბათობით ქვეყანაში საფინანსო ბაზრის განვითარებას გაასწრებს, რის გამოც მაღალი ალბათობით პირველი ხუთი წლის განმავლობაში თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სახაზინო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებზე განთავსდება.
“საპენსიო საბჭოს რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი რაც არის, არის საინვესტიციო გეგმის შემუშავება. ერთ-ერთი რაც არის მთლიანად გამორჩენილი, ეს არის რისკის კომპონენტი, რომელიც მგონი მთლიანად კანონში არის გამორჩენილი. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას ველოსიპედს არ ვიგონებთ, აქ საჭიროა ისეთი პოლიტიკის დაწერა, რომ ფონდი იყოს დივერსიფიცირებული, რომ პირველივე ბაზრის ვარდნის შედეგად, არ მოხდეს 20-30%-ის ვაიბაუტი. არსებული კანონი საკმაოდ შეზღუდულია, პირველი 5 წელი თანხის 80%-ის განთავსება ხდება მხოლოდ Fixed Income ინსტრუმენტებში, ანუ სასესხო ობლიგაციებში, რომელიც ნაკლებ ვოლატილურია, მაგრამ იმდენი თანხის აკუმულირება ხდება ამ საპენსიო ფონდში, პირველი 5 წლის განმავლობაში, რომ საინვესტიციო ოფიცერს ვისაც ავირჩევთ, საკმაოდ თავის ტკივილი ექნება თანხების განთავსებებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ კუმულატიური თანხა ფონდში გაუსწრებს ბაზრის განვითარებას. დღეს რა ინსტრუმენტებიც არის ბაზარზე, არის მაგრამ ვითარდება საკმაოდ ნელი ტემპებით. იპოთეკურ სასესხო ობლიგაციებზე მუშაობს ახლა ეროვნული ბანკი, მაგრამ საბოლოო ჯამში არ უნდა გავუბრაზდეთ საინვესტიციო ოფიცერს თუ ამ თანხის დიდი ნაწილი მოხვდა ისევ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში და საბანკო ქეშ დეპოზიტებში,”– განაცხადა დავით წიკლაურმა.
დავით წიკლაურს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.
დავით წიკლაური მუშაობდა საქართველოს ბანკში (2017-2019) მთავარი ფინანსური ოფიცრის და მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობებზე, სადაც იგი ხელმძღვანელობდა მთელ რიგ მიმართულებებს, მათ შორის, საინვესტიციო-საბანკო, კაპიტალის ბაზრის, აქტივების და პასივების მართვის მიმართულებებს.
2014 – 2016 წლებში, ბატონი დავით წიკლაური იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობას კორპორატიული საბანკო მიმართულებით. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული თიბისი ბანკის საინვესტიციო-საბანკო მიმართულების განვითარებაში და თიბისი კაპიტალის ჩამოყალიბებაში და რამოდენიმე წარმატებულ ტრანზაქციაში ამავე მიმართულებით.
საქართველოში დაბრუნებამდე (2008-2014), დავით წიკლაური მუშაობდა Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში, თავიდან თანამშრომლის რანგში კაპიტალის ბაზრის საკრედიტო ინსტრუმენტების მიმართულებით, ხოლო შემდგომ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში კაპიტალის ბაზრის და სახაზინო პროდუქტების მიმართულებით.
დავით წიკლაურს მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სატელეკომუნიკაციო საინჟინრო მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლიდან, 2008 წელს.
დავით წიკლაური სხვადასხვა დროს საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს და ბელორუსის სახალხო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. (R)