ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მწვავე პრობლემა. დღეს, როცა მაქსიმალურად გაიზარდა შხამ-ქიმიკატების წარმოება და მისი გამოყენება მცენარეთა სხვადასხვა დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ბუნება დაბინძურდა ტრანსპორტის გამონაბოლქვებით და უამრავი სხვა მავნე აირებით, მით უფრო მეტ ზრუნვას, ყურადღებას და მოფრთხილებას მოითხოვს გარემო, სადაც ვცხოვრობთ და რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია.
არ შეიძლება ადამიანს ეწოდოს კარგი, რომელიც ჩეხავს ტყეს, გადათხრის მთის ფერდობებს, დააბინძურებს წყალს, დააზიანებს დედამიწის საფარს, სპობს ფლორას და ფაუნას, რითაც დიდ უბედურებას აყენებს კაცობრიობას. სწორედ ამიტომ, ბუნებასთან ადამიანის დამოკიდებულების საკითხი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
ტყე კაცობრიობის აკვანი, უნივერსალური გლობალური ფაქტორია, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს. ტყე ბუნების საოცრებაა, განუმეორებელი ქმნილება, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლის შენარჩუნება და თვით კაცობრიობის ყოფნა-არყოფნაც კი. ტყეში არსებული მცენარეულობა გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ბუნებრივი ფაქტორია. ამიტომ მას სამართლიანად უწოდებენ დედამიწის “მწვანე ფილტვებს”, რომელიც გამოყოფს სიცოცხლისთვის ასე აუცილებელ ჟანგბადს, შთანთქავს ნახშირორჟანგს, წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირებისგან.
იქ, სადაც ტყეს არ უფრთხილდებიან და ჩეხენ, ელემენტარულ დონეზე არ აზროვნებენ, რომ ამის გამო, თვალსა და ხელს შუა გვეცლება ჯერ წყაროები და მერე მდინარეები. ზოგს არც კი სჯერა, რომ თუ დღეისთვის სათანადოდ არ გაუმჯობესდა ტყის მოვლა-პატრონობა, მეცნიერები უკვე დიდ საშიშროებაზე საუბრობენ _ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კაცობრიობა წყლის ნაკლებობის კატასტროფულ ზღვარზე აღმოჩნდება. დადგენილია, რომ მცენარეები საგრძნობლად ადიდებს ჰაერის შეფარდებით ტენიანობას, ამცირებს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს, ახშობს ხმაურს ქუჩებში, რასაც ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ტყე იცავს ადამიანებს მავნე მიკრობებისგან და ნაირგვარი დაავადებებისგან. მცენარეები, განსაკუთრებით წიწვოვნები, რომლებიც გამოყოფენ ფიტონციდებს, სპობენ და ანადგურებენ მწერებს და მიკრობებს, რომელიც სხვადასხვა სიძლიერით აქვს გამოხატული სხვადასხვა მცენარეს.
მცენარეები ვიტამინისა და პროვიტამინის წყაროა. მათ გარეშე კი სიცოცხლე შეუძლებელია და მათი ნაკლებობა ორგანიზმის ნაირგვარ დაავადებებს იწვევს. ტყე ჩვენი ბუნების სილამაზეა, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ახალისებს და ოპტიმისტს ხდის მას. ტყე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზეც და ძალზე დადებითი გავლენა აქვს მასზე.
ზოგადად, ტყესთან ერთად, ისეთივე გაფრთხილება სჭირდება წყალსა და ჰაერს. უერთმანეთოდ სრულყოფილება არც ერთს არ ექნება. ყველამ კარგად იცის, რომ წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ადამიანი და საერთოდ ცოცხალი არსება ხომ 75-88% წყლისგან შედგება. საკმარისია, ადამიანმა სხეულიდან დაკარგოს წყლის ერთი მესამედი და იგი მოკვდება. მაშასადამე ბუნების პროცესებში ურთიერთობის გაუთვალისწინებლობა ყოველთვის დიდ უბედურებებს იწვევს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ამოცანაა, ტყესთან ერთად გავუფრთხილდეთ წყალს. დიდი წყალსატევების კეთება, მაინც და მაინც არაა მიზანშეწონილი და ამას, რატომღაც. ხშირად არ ითვალისწინებენ. რად უნდა პროტესტის გამოხატვა იმას, რომ ტყე არ გაიჩეხოს ან წყალი არ დაბინძურდეს? ხალხი თუ ხელისუფლება ამ სიმდიდრეს ისე უნდა უფრთხილდებოდეს, როგორც საკუთარ სიცოცხლეს.
რაც შეეხება ჰაერს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე, თუ ვუფრთხილდებით ტყესა და წყალს, ჰაერიც თავისთავად საუცხოოო გვექნება. საკვების გარეშე ადამიანი 75 დღე ძლებს, უწყლოდ 7-8 დღე, უჟანგბადოდ კი მხოლოდ რამდენიმე წუთს.
საერთოდ, თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებით ბოლო ჟამს, სითბოს, როგორც არასდროს, ისეთი გლობალური მატება დაეტყო. საქართველო არაა გამონაკლისი _ ეს ყოველივე აქაც იგრძნობა. თუ მსოფლიოში მეტ-ნაკლებად მილიონობით ავტომანქანაა, საკმაოდ ბევრია ჩვენთანაც, რომლებიც ინტენსიურად აბინძურებენ ატმოსფეროს მავნე გამონაბოლქვებით. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ერთი ლაინერი 8-10 საათის ფრენის დროს შთანთქავს 35 ტონა ჟანგბადს, ყოველდღიურად კი ათასობით ლაინერი სერავს ჰაერს.
ჟანგბადის წყარო მცენარეა. თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენადაც მხოლოდ ლაინერები ისრუტავენ ტონობით ჟანგბადს, ადამიანები იმდენად თუ ვზრუნავთ ტყის შესანარჩუნებლად, გასაახალგაზრდავებლად? ერთი ჰექტარი ტყე წელიწადში გამოყოფს 12 ტონა ჟანგბადს. მათ შორის, მუხნარი _ 13 ტონას, წიფლნარი _ 12 ტონას, ფიჭვნარი _ 11 ტონას, ნაძვნარი კი _ 10 ტონას. მაშასადამე, ერთ ლაინერს სჭირდება იმდენი ჟანგბადი, რამდენსაც 3-4 ჰექტარი ტყე გამოყოფს მთელი წლის მანძილზე. თუ ამ ყველაფერზე ადამიანი ცოტა სერიოზულად დაფიქრდება, შიშიც კი შეიპყრობს. ამიტომ, საჭიროა სასწრაფო და გონივრული მოქმედება ტყის გადასარჩენად, შთამომავლობისთვის მის შესანახად. თუმცა, ადამიანები დღემდე ვერ აცნობიერებენ ტყის ძირითად მნიშვნელობას და ის, პირველ რიგში, სამშენებლო და საწვავი მასალა, სამკურნალო საშუალებები თუ ველურ ხილი, რისთვისაც დაუნდობლად ანადგურებენ.
რასაკვირველია, ტყე საჭიროებისამებრ ყველაფრისთვის უნდა მოვიხმაროთ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს სანიტარულ ჭრების, გეგმაზომიერი მიდგომის საფუძველზე, როცა რამდენიმე მოჭრილი ხის ნაცვლად ერთ ძირს მაინც დარგავ.
ბუნებასთან დამოკიდებულებაში უნდა გავითვალისწინოთ მეცნიერების _ გეოფოზიკოსების, გეოგრაფების, გეოლოგების და ჰიდროლოგების რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია წყალდიდობების, მეწყერების, ღვარცოფების, ნიაღვრების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი შედეგების ლიკვიდაცია-აღკვეთისკენ.
საცაა კარს შემოაღებს გაზაფხული. დავუკვირდეთ, ბევრი ადამიანი რგავს ხეს? არადა, ამის შესაძლებლობა და შესაბამისი გარემო თითქმის ყველას აქვს. არც ნერგების მოძიებაა რთული. გვიან არასდროს არ არის, თუ ადამიანები სოფლებში, ქალაქის განაპირა მხარეებში, ქუჩებსა და სკვერებში თუნდაც ერთ ძირ ხეს ან ბუჩქს დარგავენ.
ხის დარგვის ინიციატივა ყოველთვის ღვთიურ საქმეში ეთვლება ადამიანს და განსაკუთრებით, ყოველ გაზაფხულზე უნდა იყოს ასეთი სურვილით შთაგონებული. თუ თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით პერიფერიებში, მოიწადინებს ერთი ძირი ხის დარგვას და მეორეს გამოიწვევს, შედეგი უკვალოდ არ ჩაივლის. რაც შეიძლება ნაკლებად მოვჭრათ და მეტი დავრგოთ. თუ არადა, იმდენივე მაინც, რამდენსაც ვჭრით _ ვიყოთ უკომპრომისო საკუთარი თავის მიმართ. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ტყეს, ჰაერს, წყალს და ეს თვით დედამიწის მიმართ მზრუნველობა იქნება. ცისფერი პლანეტა საფრთხის ქვეშაა და უნდა გვახსოვდეს, თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის ფეხს ვითრევთ, მის გადარჩენასაც თანდათან ვაგვიანებთ.
ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი