გოდერძი ჩოხელი იგონებდა:“დედასთან ბევრი კურიოზი გადამხდენია და ჩემი წარმატების ბევრ ნიუანსსაც ამას ვუმადლი. ერთხელ მინდოდა, კინოგადაღების დროს მსახიობების ნაცვლად, ფილმში რეალური ადამიანები გადამეღო, მაგრამ მათგან ამაზე კატეგორიული უარი მივიღე. მაშინ დედაჩემი მივაგზავნე, ძალიან უყვართ და უარს არ ეტყვიან-მეთქი. მართლაც დავითანხმე გადაღებაზე გუდამაყრელები და ფილმიც გადავიღეთ.
ერთი მომენტი იყო: კაცი უნდა გაეპანღურებინათ ქალებს. გაიგიჟეს თავი, სად გაგონილა, ქალმა კაცს პანღური ამოარტყასო და ცივი უარი მითხრეს. ისევ დედაჩემს ვთხოვე, მან ყველა ქალი დაითანხმა, მათ შორის ბებიაჩემიც.
მაშინ გვერდით გავიყვანე ბებიაჩემი და ვუთხარი – ბები, შენ ხომ იცი, რომ ეს კინოა და კინოში რაც ხდება, მართლა არ ხდება, ხომ არ გინდა ცუდი ფილმი გამომივიდეს-მეთქი და ისიც დავიყოლიე. თან მკითხა, მაგ კაცს წიხლი რომ უნდა ამოვარტყათ, ცოლი თუ ჰყავსო. კი ჰყავს-მეთქი. ჰოდა, მაშინ მაგიტომ არ ამოვარტყამ, ფეხი რომ ამიცდეს და კაცობა დავაკარგვინოო?
ერთი სიტყვით, ფილმი გადავიღეთ, დედაჩემიც მონდომებული იყო, რომ კარგი გამომსვლოდა. ძალიან მონდომებული გახლდათ და ერთი კურიოზიც დაემართა.
ჩემს დას აცილებდა. შეგიმჩნევიათ თუ არა, დიდი მანქანების მძღოლებს რაღაც უცნაური ჩვევა აქვთ, გადმოვლენ ხოლმე მანქანიდან, ჩაიკუზებიან და ძირიდან შეხედავენ მანქანას. იმ ავტობუსის მძღოლიც ჩამოსულა და ქვემოდან შემოუხედავს ავტობუსისთვის. დედაჩემმა რომ დაინახა ეს ჩაკუზული კაცი, ეტყობა, ინსტიქტურად თავი გადაღებაზე წარმოიდგინა და პანღური ამოარტყა. მძღოლიც ქვას დასწვდა ინსტიქტურად და რომ უნდა ესროლა, ქალი შერჩა ხელში. ქალს ხომ ვერ ვესვრი ქვასო, ალბათ გიჟიაო. დედაჩემიც მიმხვდარა, რა შეცდომა დაუშვა და გამოქცეულა სახლში”.