ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად კი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე, საპატრიარქოს წინ, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმა – თორნიკე მამალაძე მივიდა ტრანსპარანტით: “დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის”?
“ვირუსთან დაკავშირებით აპირებენ მეუფეებმა იმსჯელონ სინოდის სხდომაზე, მაგრამ მე მათ მოვუწოდებ და მინდა იმსჯელონ იმ ვირუსზეც, რომელიც წლებია საპატრიარქოში არსებობს და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ეხება იმ მძიმე დანაშაულებს, რომელსაც ჩადიან და არაერთგზის გახმოვანებულა მეუფეების მიერ,” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მისი მტკიცებით, სასამართლომ იცის, რომ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მაინც დატოვა ის საპატიმროში.
თორნიკე მამალაძის თქმით, მოსამართლემ პატრიარქის დავალება შეასრულა, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა გიორგი მამალაძე.
“საპატრიარქოდანვე ვიცი, რომ მოსამართლე პატრიარქთან იმყოფებოდა შეხვედრაზე”, _ ამბობს დეკანოზის ძმა.