დეკანოზის საქმის წინასასამართლო სხდომა დაიხურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და მთავრი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური შინაარსის SMS-მუქარა განხორციელდა. ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიომტკიცებულებებია, რომლებშიც ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განმარტებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში ვინაობა გამჟღავნდება, რაც თავისუფლების ხელყოფაა. კიდევ ერთი არგუმენტი საქმეში მონაწილეების რელიგიური მრწამსია. ბადრი შონიას განმარტებით, სასამართლოს ღიაობამ საზოგადოებაში სასულიერო პირების მიმართ არასწორი წარმოდგენა შეიძლება შექმნას.
მთავრმა პროკურატურამ სხდომის დახურვა საჯაროობის შემთხვევაში სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირების მიზეზით მოითხოვა.
არგუმენტს არ დაეთანხმა საპატრიარქოს იურისტი. ედიშერ ქარჩავას თქმით, სხდომის საჯაროობა საპატრიარქოს იმიჯს საფრთხის ქვეშ არ აყენებს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის უფლებების დარღვევად აფასებს. ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვენ.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.