მმართველი გუნდს წევრებს შორის ღია დაპირისპირების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ,,გურია ნიუსთან“ დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე კი კომენტარს აღარ აკეთებენ.
,,ქართული ოცნება_მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე კომენტარს არ გააკეთებს. ამასთან, დეპუტატის თქმით, უცნობია, როდის გაიმართება უმრავლესობის სხდომა.
,,არ ვიძლევი ამ საკითხზე კომენტარს, იქნება უმრავლესობის შეხვედრა და შემდეგ გაირკვევა ყველაფერი, შეხვედრის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი“, _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, შოთა შალელაშვილის თქმით, შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ვერ ისაუბრებს, რადგან, შეთანხმების მიხედვით, დეპუტატები უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთებენ კომენტარებს.
,,არ შემიძლია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ, რომ შეთანხმებული ვართ, რომ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაკეთდეს კომენტარები“,_ გვითხრა შალელაშვილმა.
,,ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ, შესაძლოა, შეხვედრა ამ კვირაში გაიმართოს. დაპირისპირების შემთხვევაში კი, თავად იქნება მხარეების მომრიგებელი.
,,არა მგონია რომ დაპირისპირება იყოს. ვფიქრობ, შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება და თუ ვინმე ვინმეს დაუპირისპირდება ვეცდები, შევარიგო“,_ გვითხრა არველაძემ.