საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, გუშინ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგი საკნდალური პოსტი გამოაქვეყნა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სასაცილო და სამარცხვინო უწოდა.
წილოსანის პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა _ “ოცნების” დეპუტატს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ და არც კრიტიკა დააკლეს.
დღეს ეს პოსტი მის კედელზე აღარ იძებნება. სამაგიეროდ, დევს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიესალმება მშვიდობიან მანიფესტაციებს:
“ვაფასებ და დემოკრატიულ პროცესად მივიჩნევ სამოქალაქო აქტივიზმს და მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც ცივილიზებულ ქვეყანაში რიგითი მოქალაქისთვის თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის ფორმაა და არა – არჩევნების ალტერნატივა.
დემონსტრაციებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა უკან გადადგმული ნაბიჯია.
მსგავს მეთოდებზე ჩვენ 2012 -ში უკვე ვთქვით უარი და ცივილიზებული გზით ავირჩიეთ ხელისუფლება.
დრო, როცა აგორა – ქალაქის ცენტრში გამართული სახალხო კრება განიხილავდა და წყვეტდა საკითხებს, სადაც ყველას ხმა ვერ იქნებოდა გაგონილი, განვლილი ეტაპია. საქართველოში, 1990 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა: ერთხელ სამოქალაქო ომის (ზვიად გამსახურდიას პერიოდი) , მეორედ – ვარდების რევოლუციის (2003 წელი) და მესამედ – არჩევნების ანუ დემოკრატიის გზით (2012 წლის საპარლამენტო არჩევნები).
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანამ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი.
ეს არჩევნები იყო განვითარების ახალი ეტაპის მაჩვენებელი, როცა უსისხლოდ, ყოველგვარი ძალადობის და რევოლუციის გარეშე ჩანაცვლდა ერთი ძალა მეორეთი. 2016 წლის არჩევნებით კი ქვეყანამ სერიოზული განაცხადი გააკეთა დემოკრატიაზე.
მაინც, რატომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესების წარმართვა არჩევნების გზით, დემოკრატიულად და არა ქუჩაში გამოსვლებით?
ქუჩა ემოციების არენაა და ამ გზით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის ნაკლებგანვითარებულობაზე მეტყველებს.
როცა საზოგადოება ვერ აცნობიერებს და სათანადოდ ვერ იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ სამართავ ბერკეტს – საარჩევნო ხმას და გადადის ფიზიკურ დაპირისპირებასა თუ ქუჩის მმართველობაზე, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენს არსებით გავლენას და მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელია.
დღეს თუ სურათს ფართე ჭრილში შევხედავთ, გავიხსენებთ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარების საბაბით გაკეთებულ ქაოსურ მოწოდებებზე აყოლა დიდი მავნებლობაა სრულიად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ქუჩის მმართველობაზე გადასვლა კი – არასწორი მოქმედება და სახიფათო პოლიტიკური თამაში ხალხის წინააღმდეგ.
მოქალაქეობრივი კულტურა ერთ-ერთი მთავარი პირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის.
შესაძლოა ბევრს არჩევნებისა და დემოკრატიის კავშირზე არ უფიქრია, მაგრამ ქვეყანაში რევოლუციების დრო რომ უნდა დამთავრდეს, ამაზე ჩვენთან, გურიაში, უკვე რახანია საუბრობენ.” _ წერს ნინო წილოსანი.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წილოსანს პოსტების გამო ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევს. მისი გზავნილები სოციალური ქსელში არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი.
იხილეთ ასევე: ნინო წილოსანი სკანდალში ეხვევა _ “ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორღა უნდა მოგვაყენოს?”
დეპუტატ წილოსანის სკანდალური პოსტი და გურული პოლიტიკოსების შეფასებები _ “მინიმუმ, უნდა დაფიქრდე”
დეპუტატ წილოსანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვენ
7 ბინა, 13 კომპანია _ დეპუტატ წილოსანის ქონება და შემოსავლები
ნინო წილოსანი: “თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ”
მილიონერი დეპუტატი წილოსანის ბიცოლას სახლის სახურავი ბიუჯეტიდან უყიდეს _ “სხვა სიკეთეებსაც იღებენ”