საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო 2017 წელს სახლს კიდევ 45 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.
2017 წელს, სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უკვე 46 სახლი შეისყიდა. 2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში ჯამში 347 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.
კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (R)