თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ შესაწამლი აპარატები სამეგრელოსა და გურიაში უკვე დაარიგა.
დღეს ოზურგეთში ჯამურად 50 აპარატი გაიცა. ოზურგეთშივე გაეცნენ მეთხილე ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამლის ზუსტ პირობებს.
თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცია კამპანიას _ “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს.
სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს.
კამპანია მიზნად ისახავს თხილის ბაღების მოვლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ფერმერებში ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებას.
1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელო, იმერეთისა და გურიის მასშტაბით სულ 2000-მდე შეხვედრა ჩატარდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და აგრონომ-კონსულტანტებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობა პირადად აუხსნეს. შეხვედრებზევე ივსებოდა პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც.
თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში ამ ეტაპზე 15 000-მდე ფერმერი ჩაერთო. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს.
სწორედ ლიდერებს გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები დროებითი სარგებლობის უფლებით და ისინი გაუწევენ მთელ პროცესს ზედამხედველობას.
თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ძირითადი საორგანიზაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა და ახლა უკვე ფერმერების უშუალო ჩართულობაა მნიშვნელოვანი.
გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობა გაუწიოს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში.
რადგან შეწამლის ყველა ეტაპის დაცვა მნიშვნელოვანია და პროცედურების საფუძვლიანად გავლის შემთხვევაში, საშემოდგომოდ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.
(R)