ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და მას თითოეული მართლმადიდებლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს დღე დასაბამია საუკუნოდ დაფარული საიდუმლოების აღსრულებისა _ მესიის განკაცების მომასწავებელი.
წმ. იოაკიმემ და ანამ 50 წელი იცხოვრეს ისე, რომ შვილი არ მიეცათ, რის გამოც ისინი უამრავ შეურაცხყოფასა და ქილიკს იტანდნენ. ბოლოს უფალმა კეთილმორწმუნე წყვილის ლოცვა შეისმინა და მათ ასული შეეძინათ. წმინდა ანას აღთქმა ჰქონდა დადებული , რომ თავის პირმშოს უფალს შესწირავდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებმა ერთადერთი ასული 3 წლის შესრულებისთანავე იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ებრაული ტრადიციით ეკლესიაში ერთად ცხოვრობდნენ ქვრივები და ქალწულები, რომლებსაც უფლის მსახურების აღთქმა ჰქონდათ დადებული. სწორედ ,,მათ შორის დაემკვიდრა მარადის ქალწული”.
ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანებისას წმინდა იოაკიმესა და ანას წინ სასულიერო პირები შემოეგებნენ. ეკლესიაში შემავალი გზა 15 საფეხურიანი კიბით სრულდებოდა. 15 საფეხური სიმბოლურად მიანიშნებდა მარტის 15 რიცხვს, როდესაც ებრაელებმა დაიწყეს ეგვიპტიდან გამოსვლა, ტაძარში სალოცავად მისული მორწმუნე ყოველ საფეხურზე საგანგებო ლოცვას ამბობდა და ისე ადიოდა შემდეგ საფეხურზე. დედამ ღვთის მომავალი მშობელი პირველ საფეხურზე დასვა. მან კი ყოველგვარი დახმარების გარეშე კიბე აიარა და ტაძარში შეაბიჯა. მღვდელმთავარმა ,,ყოვლადპატიოსანი ქალწული“ შეიყვანა წმინდა ადგილას, რომელსაც წმინდათა წმინდა ეწოდებოდა და იქ, არა თუ ქალის, სასულიერო პირის შესვლაც კი იკრძალებოდა. მხოლოდ მღვდელმთავარი, ისიც წელიწადში ერთადერთხელ შედიოდა.
დანაპირების შესრულებით გახარებული წმინდა იოაკიმე და ანა სახლში, იერუსალიმიდან 3 დღის სავალზე მდებარე პატარა ქალაქ ნაზარეთში დაბრუნდნენ. ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან მათი მხოლოდშობილი ქალწული ტაძარში მსახურებით ღმერთს ადიდებდა.
ყოველ 4 დეკემბერს მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ღვთისმსახურებისას კი ქრისტეს შობის მაუწყებელი და მახარებელი საგალობლები სრულდება.