საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძისა და ფრაქციის წევრების შეხვედრა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრის თემა ნარკოპოლიტიკაა და დისკუსიაც სწორედ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გაიმართება. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა სამი კვირით იმიტომ გადაიდო, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება.
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის ეკა ბესელიას თხოვნით კიდევ სამი კვირით გადაიდო.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
17 იანვარს ნარკოპოლიტიკის შეცვლის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც კი გააკეთა და თქვა, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიანურება “უკურეაქციას გვაძლევს”.
30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.