დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.
ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგიმლდებაროებასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არ ქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას.
პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.
ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების
82 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.
შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ – განაცხადა ანა მიქელაძემ. (R)