დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა :
,,მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.”
ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.
ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.