„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ ბედნიერების შესახებ იქადაგა.
„ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს.
გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა: „დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, – ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის.
ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა. ღვთის წყალობა გფარვიდეთ, ღვთის წყალობამ დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ, ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება“, – თქვა პატრიარქმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი