“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დიტო სამხარაძის ინფორმაციით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ბიურომ კოტე შარაშენიძის გარიცხვის მითითება ცენტრალური ოფისიდან მიიღო:
_ კოტე შარაშენიძე პარტიიდან გუშინწინ გაირიცხა. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიის რაიონულმა ორგანიზაციამ, თუმცა, მათ დავალება მიიღეს ცენტრალური ოფისიდან. ჩვენი წესდების თანახმად, ბიურო მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს _ ეს იქნება გაწევრიანება თუ გარიცხვა.
კოტე შარაშენიძემ მოინდომა დაპირისპირებოდა “ქართულ ოცნებას”, საინიციატივო ჯგუფიდან დააყენა მისი კანდიდატურა და ავტომატურად გახდა ჩვენი ოპონენტი. აქედან გამომდინარე, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს ადამიანი გაერიცხა პარტიიდან, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას სამხარაძემ.
მისივე თქმით, კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაირიცხა შარაშენიძე არ უნდა არსებობდეს:
_ ეს ადამიანი აღარ ემორჩილება ჩვენი ხელმძღვანელობის, ჩვენი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ბეგლარ სიორიძე მერობის კანდიდატად.
შარაშენიძემ ეს არ გაიზიარა და თვითნებურად დააყენა კანდიდატურა. ამ ყველაფრის შესაბამისად, არა მგონია გასაკვირი იყოს, რატომ მივიღეთ ბატონი კოტეს პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.
კაცმა თვითონ დააყენა ჩვენს წინააღმდეგ კანდიდატურა და ესაა საფუძველი” _ თქვა სამხარაძემ.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი თქმით,ყველა ის პირი, რომელიც პარტიის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, შარაშენიძის მსაგვსად პარტიიდან გაირიცხება:
_ ახლა ვმუშაობთ მაგ საკითხზე და სადაც არიან მსაგვსი წევრები, აუცილებლად დაემშვიდობებიან პარტიას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ჩვენი ოპონენტები _ ვინც 41 ნომრით არ გადის არჩევნებზე ყველანი არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. იგივენაირები, როგორიც არიან “ნაციონალები”, “ევრო ნაციონალები” თუ “ნეონაცები”. ერთ კალიბრში გადის ყველანი, _ თქვა ჩვენთან საუბრისას სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან, კოტე შარაშენიძესთან ერთად, “ქართული ოცნებიდან” კიდევ 5 წევრი გარიცხეს.
ვრცლად იხილეთ: ვინ გარიცხეს შარაშენიძესთან ერთად “ოცნებიდან” და რა წერია ბიუროს ოქმში (ექსკლუზივი)