დოდო აბაშიძის მუშტის ძალაზე ლეგენდები დადიოდა. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვეღარავინ უმკლავდებოდა. გურამ ლორთქიფანიძემ ერთხელ ერთი ამბავი გაიხსენა:
“ეს შემთხვევა მამაჩემის მეგობარმა მიამბო. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ ქეიფობდა მეგობრებთან ერთად, თორმეტნი იყვნენ, ჩხუბის შემძლე ხალხი, მაგრამ ძალიან ნასვამები. შემოსულა ოთხი ახალგაზრდა “კაგებეშნიკი”. დოდოს მაშინ “ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ამ ოთხმა გაუწყალეს გული, დოდოს წვერს შეეხნენ, დაცინვა დაუწყეს. იარაღით იყვნენ. გადაკეტეს და წავიდა ჩხუბი. დოდოს უჩხუბია, როგორც ვეფხვს. მეორე დღეს ჩემთან რომ მოვიდა, რას ჰგავდა იცით? ყური გახეული, ცხვირი მოგლეჯილი. ვერ წააქციეს თურმე. მარტომ იჩხუბა და გაიმარჯვა.
რაიხსტაგზე დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარია სიბერეში ცოტა გამომწვევად იქცეოდა ხოლმე. ერთხელ სოხუმში, სუფრაზე დოდო აბაშიძეს აუხირდა, გაუწყალა თურმე გული. დოდომ ვეღარ მოითმინა და ალიყური უთავაზა. ქანთარია ისე დაიბოღმა, დოდო მილიციას დააჭერინა. სასამართლო და ციხე ელოდა. ქანთარიას თბილისიდან აკადემიკოსები მიუგზავნეს შუამავლად – ჩიქობავა, ვეკუა, ფიფია. არაფერმა გაჭრა. ბოლოს ვაკის პარკის რესტორნის დირექტორი უგულავა ჩაერია. მისი თხოვნით გაუშვეს. მელიტონ ქანთარიას უთქვამს, რესტორნის დირექტორი მომიგზავნა და როგორ არ გავუშვებდიო. “აკადემიკოსები ფეხებზე დაიკიდა” – იხსენებდა გურამ ლორთქიფანიძე.