დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ პასუხობს 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფებს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა.
“სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურადაც არ ეხება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო, სისხლის სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოს შექმნას და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საპირისპიროდ, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას ან/და იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ინსტიტუტი, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გვთავაზობს სრულიად უფუნქციო ახალი ორგანოს – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, რომელიც იმეორებს უკვე არსებული უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით შემოიფარგლება”,_ აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკვე არსებული ანტიკორუფციული საბჭოს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი ახალი ორგანოს შექმნა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას.