საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა.
ნიკა მენოგნიშვილის შეფასებით, ფორს-მაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, პროფესიულ წრეებსა და კანონმდებლებს შორის განხილვის საგნად უნდა იქცეს. COVID 19-ის შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობებმა აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ფორსმაჟორის ტერმინის ლეგალური დეფინიციის არარსებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცნების განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. ფორს-მაჟორის ცნების ლეგალური დეფინიციის საჭიროება პასუხობს თანამედროვე სამართლებრივი პრობლემატიკის გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თავიდან აცილებაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეები, რომლებიც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო სადავო საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ და ვალდებულების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები დასაბუთებული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ სარჩელის წარდგენამდე, საჭიროა შეცვლილი გარემოებების გამო, ვალდებულების გადავადებასა ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე მხარეთა შორის არსებობდეს წერილობითი მიმოწერა და შესრულების შეუძლებლობა ექცეოდეს 2020 წლის 21 მარტიდან – 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ფორს-მაჟორი და დაუძლეველი ძალა იდენტურ ცნებებადაა გაგებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ფორს-მაჟორის, როგორც დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება მხარეებისგან დამოუკიდებლად და წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, როდესაც გამოირიცხება მოვალის ბრალი. დაუძლეველი ძალის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იყო დაუძლეველი ძალის მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ფორს-მაჟორული მდგომარეობის დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს და მთლიანად დამოკიდებულია მტკიცების ტვირთსა და კონკრეტულ მდგომარეობის შინაარსზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შენიშნავს, რომ პანდემიის შედეგად, ფორს-მაჟორის ლეგალური დეფინიციის შემოტანის შემთხვევებს ადგილი აქვს ცალკეულ კანონქვემდებარე აქტებში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. კერძოდ, ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ამ წესების მიზნებისთვის, ფორს-მაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევე ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ პრომლემატიკას, რაც ფორს-მაჟორის ცნების არარსებობას უკავშირდება კერძო სამართალში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხზე შემდგომი დისკუსიისა და პროფესიულ წრესთან ერთად აქტიური კონსულტაციებისთვის, ვინაიდან მოხდეს არსებული გამოცდილებისა და შედეგების შემდგომი საკანონმდებლო დამაგრება.