როგორც „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის და აუდიტის სამსახურის უფროსის კობა ხაბალაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც ხაბალაშვილს და დუმბაძეს ოზურგეთის მერის დევნის, ავიწროებს და უკანონობის ჩადენას აიძულებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, _ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ დუმბაძე დიდი ხანია აცხადებს, რომ შარაშენიძე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ავიწროებს.
მას ამის დასტურად აუდიტის სამსახურის ხშირი შემოწმებები მოჰყავდა და მან დახმარებისთვის სახალხო დამცველს ორჯერ მიმართა.
თუმცა, ამ საქმეს რეაგირება მას შემდეგ მოჰყვა, რაც დუმბაძის სიტყვები აუდიტის სამსახურის უფროსმა კობა ხაბალაშვილმა მედიასთან დაადასტურა და თქვა, რომ შარაშენიძე მას სოციალური სამსახურის უფროსის გათავისუფლებას აიძულებს:
_მერი ჩემზე ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, მისთვის არასასურველი კადრი, სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე გაათავისუფლოს, _ აღნიშნა ხაბალაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, მერის პირადი ინტერესების გამო, აუდიტის სამსახური პარალიზებულია:
_ ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლება. მე ვიცი რამდენიმე სამსახური, სადაც არანაკლები სამსახურეობრივი პრობლემებია და რეკომენდაციების გაცეემაა საჭირო, თუმცა ასე არ ხდება.
ფაქტიურად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.
მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
იმის მტკიცებულება, რომ ხაბალაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მერისთვის სხვა სამსახურების შემოწმების თაობაზე მიმართვები რამდენჯერმე აქვთ გაკეთებული, „გურია ნიუსმა“ გუშინ ექსკლუზიურად გაასაჯაროა.
წერილებში მერიის სხვადასხვა სამსახურებში არსებული დარღვევებია ჩამოთვლილი და წერილის ავტორები შარაშენიძისგან რეაგირებას ითხოვენ.
მაგალითად ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელსაც გია მამაკაიშვილიხელმძღვანელობს 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 1958 წერილი; აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 1222 წერილია, შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 474 წერილი. წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე.
ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ მერიის ადრეული სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს, თეიმურაზ მოქიას არ აქვს სამუშაო გეგმა, არ აქვს გადანაწილებული თანამშრომლებს შორის ფუნქციები; აქვს ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) წერილები;
იგივე პრეტენზია აქვს აუდიტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსთან, თამარ აროშიძესთან; ასევე, იმ დროისთვის განთლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან, რომელიც დღეს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.
განსხვავებული სიტუაცია არც სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურშია, რომელსაც ლაშა თავაძე ხელმძღვანელობს.
ამ სამსახურში 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 509 წერილი. აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 168 წერილი; შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 101 წერილი.
წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე
მსგავსი ტიპის დარღვევები ყველა სამსახურშია აღმოჩენილი.
კონსტანტინე შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსის მარიკა ნაცვალაძის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც წერს, რომ საქმის მოკვლევისას გამოვლინდა საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მაია ინარიძის გადაცდომები, კერძოდ კი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.
თუმცა, როგორც კობა ხაბალაშვილმა გვითხრა, არცერთ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს ოზურგეთის მერი. კონსტანტინე შარაშენიძს ვერც სამსახურში ვპოულბთ და არც სატელეფონო ზარებზე გვპასუხობს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მეორე საქმეზე კი მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს.
ამავე თემაზე: საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას
ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს
მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს