“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებიs დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, “სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“. ასე ეხმიანებიან დამფუნებლები არხის საკითხზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ “რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.
ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“,- ნათქვამია მათ განცხადებაში.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
წყარო: info ნიუსი